შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას 2024 წლის ხარჯების მთლიანი ოდენობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად.
მედიის ინფორმაციით, მთავარი რიცხვები, რომელზეც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი და სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი შეთანხმდნენ, მოიცავს 1,59 ტრილიონ აშშ დოლარს 2024 ფისკალური წლისთვის – 886 მილიარდ დოლარს თავდაცვის ხარჯებისთვის და 704 აშშ დოლარს არათავდაცვითი ნაწილისთვის. ისინი ასევე შეთანხმდნენ 69 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგებაზე, რომელიც მიმართული იქნება არათავდაცვით შიდა ხარჯებზე.
შეერთებული შტატების კონგრესის ლიდერების შეთანხმება ახლა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უნდა დაამტკიცონ. მათ აქვთ ორ კვირაზე ნაკლები დრო, რომ თავიდან აიცილონ ზოგიერთი ფედერალური სამსახურის მუშაობის შეჩერება.
კონგრესის ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად.
„ორპარტიული დაფინანსების ჩარჩო, რომელსაც კონგრესის ლიდერებმა მიაღწიეს, ერთი ნაბიჯით გვაახლოებს იმას, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო მთავრობის შათდაუნი და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები. ეს ასახავს დაფინანსების დონეს, რომელზეც მე მოვილაპარაკე ორივე პარტიასთან და ხელი მოვაწერე კანონს გასულ გაზაფხულზე“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.
პრეზიდენტმა „რესპუბლიკელებს“ მოუწოდა, დაამტკიცონ მისი მოთხოვნა უკრაინისა და ისრაელის დახმარების თაობაზე.
„ახლა, “რესპუბლიკელებმა“ უნდა შეასრულონ თავიანთი საქმე, შეწყვიტონ მთავრობის დახურვით მუქარა და შეასრულონ თავიანთი ფუნდამენტური პასუხისმგებლობა, დააფინანსონ კრიტიკული საშინაო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის ჩემი დამატებითი თხოვნა. დროა, იმოქმედონ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.