აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აიოვაში გამართულ ყრილობაზე განაცხადა, რომ ამერიკის სამოქალაქო ომის თავიდან არიდება “მოლაპარაკებებით” შეიძლებოდა. ტრამპის ამ განცხადებას პოლიტიკური ოპონენტებისა და ისტორიკოსების კრიტიკა მოჰყვა.
“ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. თქვენთან გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, იყო მოლაპარაკების საშუალება”. – თქვა ტრამპმა.
მან სამოქალაქო ომს “საზარელი” უწოდა და ასევე თქვა, რომ “აბრაამ ლინკოლნი რომ მორიგებულიყო, ალბათ, არც გვეცოდინებოდა ვინ იყო აბრაამ ლინკოლნი. ის იქნებოდა პრეზიდენტი, მაგრამ არ იქნებოდა – აბრაამ ლინკოლნი. სხვანაირად მოხდებოდა და ეს კარგი იქნებოდა”.
ისტორიკოსების თქმით, სანამ აშშ-ში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, რომელსაც 1861-დან 1865 წლამდე 620 000 ადამიანი ემსხვერპლა, იყო კომპრომისზე წასვლის მცდელობები. ამის ერთ-ერთი მაგალითია 1820 წლის მისურის კომპრომისი, რომელმაც გეოგრაფიული ხაზით განსაზღვრა, რომ სამხრეთში მონობა ლეგალური, ხოლო ჩრდილოეთში არალეგალური იყო.
ტრამპის განცხადებას ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წარმომადგენელი ლიზ ჩეინიც გამოეხმაურა. ჩეინიმ ტრამპს რიტორიკული კითხვით X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) მიმართა: “სამოქალაქო ომის რომელი ნაწილი იყო მოსალაპარაკებელი? მონობის ნაწილი? [შეერთებული შტატებიდან] გამოყოფის მცდელობის ნაწილი? უნდა შეენარჩუნებინა თუ არა ლინკოლნს შეერთებული შტატები? კითხვა რესპუბლიკური – ლინკოლნის – პარტიის წევრებს, რომლებმაც დონალდ ტრამპს დაუჭირეს მხარი: როგორ შეგიძლიათ ამის დაცვა”?
ამერიკის სამოქალაქო ომზე განცხადების შემდეგ ტრამპმა უკრაინაში მიმდინარე ვითარებასთან შედარება გააკეთა და თქვა, რომ “დღეს რომ შევხედოთ, აბსოლუტურად შევაჩერებდი პუტინს, ვერასოდეს შეიჭრებოდა [უკრაინაში] და არც შეჭრილა ოთხი წლის განმავლობაში”.
წინა წელს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუკი 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე უკრაინაში მიმდინარე ომი არ შეწყდა, ის ზელენსკისთან და პუტინთან “ძალიან მარტივი მოლაპარაკებებით” ომს 24 საათში დაასრულებს.
“თუ არ გადაწყდება, მე 24 საათში ზელენსკისთან და პუტინთან ერთად დავასრულებ. ძალიან მარტივი მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა, რა სახის იქნება ეს მოლაპარაკებები ვერ გეტყვით, რადგან ამ გამხელის შემთხვევაში ვეღარ განხორციელდება”. – თქვა ტრამპმა.