ორი დიდი ოპოზიციური პარტია, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმდა. „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ საერთო კანდიდატად თბილისში ირაკლი კუპრაძეს ასახელებს.
დედაქალაქის მერობის კანდიდატი ევროპის მოედანზე (ე.წ. რიყის პარკში) წარდგენის დროს სლოგანად გამოჩნდა წარწერა – „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოდლები“.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. ის მესამედ იყრის ამ თანამდებობაზე კენჭს.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ – ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს – რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ფორუმი
