კეთილშობილი ირმის საშენის მოსაწყობად ალგეთის ეროვნულ პარკში ტერიტორიას შემოღობავენ

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო “კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის მიზნით”, “გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს” პროექტის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში ტერიტორიის შემოღობვას და იქ ირმის საშენის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები”
ავრცელებს.
ტერიტორიის შემოღობვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 552 522 ლარია. წინადადებების მიღება 2024 წლის 18 იანვარს დაიწყება და 23 იანვარს დასრულდება. ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები გამარჯვებულმა არა უგვიანეს 2024 წლის 2 აგვისტომდე უნდა დაასრულოს.
“დღეს საქართველოში ირმის მხოლოდ სამი მცირე პოპულაცია არსებობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ლაგოდეხის ნაკრძალისა და გარდაბნის აღკვეთილის პოპულაციების სახით, რომლებიც ერთმანეთისგან მოწყვეტილია, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ალგეთის ეროვნული პარკის ვრცელ ტერიტორიაზე კეთილშობილი ირმის ველური პოპულაცია შეიქმნება, რის შედეგადაც იგი გეოგრაფიულად დაუახლოვდება სხვა არსებულ პოპულაციებს”, – აცხადებს სააგენტო.
პროექტის მიხედვით:
· საპროექტო ღობის საყრდენი ბოძი წარმოდგენილია ფოლადის D=50მმ სისქით 3მმ მილით, მილის სიმაღლე – 300 სმ. მილი უნდა ჩაბეტონდეს არანაკლებ 50 სმ სიღრმისა და 40 სმ დიამეტრის ორმოში. მილის სიგრძე (ბეტონში უკეთ მოსაჭიდად) არმატურის ჯვარედინი (არმატურა დ=12მმ).
· 3 მეტრი სიგრძის მილზე მიბმულია დ=50მმ ფოლადის მილი 45 გრადუსის დახრილი კუთხით, რომელზეც მაგრდება 5 ხაზი ეკალმავთული, მისი სისქე 2,5 მმ-ია. მილს აქვს 5 ნაწიბური, რომელზეც მაგრდება ეკალმავთული.
· პროექტით, მავთულბადე გათვალისწინებულია 3 მმ-ის სისქის ფოლადის უჟანგავი მავთულისაგან. ბადე უნდა იყოს ჩადებული მიწაში 20 სმ სიღრმის არხში. ღობის ძირზე მიწაში 5 სმ სიღრმეზე უნდა დაეფინოს 150 სმ სიგანის იგივე მავთულბადე ღობიდან გარე პერიმეტრის მიმართულებით და დაყრილი უნდა ჰქონდეს მიწის მცირე ფენა.
· ძირს დაგებული 150 სმ სიგრძის ბადე მიწაზე მაგრდება სპეციალური კაუჭიანი (გადაბრუნებული ინგლისური ასო U-ს ფორმის სარჭებით) არანაკლებ 4 რიგად ყოველ 100 სმ-ში.
· ღობის საერთო სიგრძეა 3482 მეტრი.
· მკვეთრად დახრილ ფერდობზე გათვალისწინებულია ორმაგი ღობის მოწყობა, რათა არ მოხდეს მტაცებლის ტერიტორიაზე შეღწევა. ორმაგი ღობის განლაგება დაზუსტდეს მშენებლობის პროცესში.
· ტერიტორიაზე პროექტით გათვალისწინებულია 4 ერთეული ხის მასალის საკვებური და 2 ხის ქოხი ზომით 3X4 მ-ზე.
· ღობის ხევთან კვეთის ადგილას გათვალისწინებულია მილხიდების მოწყობა.
· ძირითადი ბადიდან 200 სმ-ში პროექტით გათვალისწინებულია ელექტროღობის მონტაჟი. ელექტროღობე მოწყობილია 4 ხაზისაგან, საერთო სიმაღლე 150 სმ. ელექტროღობის ბოძები წარმოდგენილია ხის (სასურველია აკაციის ხის) ბოძით, დიამეტრით საშუალოდ 10 სმ, რომელზეც სპეცსამაგრებით მიმაგრებულია ელექტროღობე.
· ელ. ღობის ელექტროენერგიის გამორთვა ხდება ჭიშკართან. პროექტით გათვალისწინებულია 2 მზის ელექტროპანელის (ელექტრომწყემსის) მონტაჟი.
· მაღალი ძაბვის გამაფრთხილებელი ბარიერების დაყენება ელ. ღობის გასწვრივ ყოველ 50 მ მანძილზე. ელექტრო მწყემსის ექსპლუატაციის დროს უნდა მოხდეს მწვანე საფარის მოცილება, რათა არ მოხდეს ძაბვის ხაზთან შეხება.
“გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო” საქართველოს მთავრობისა და შვედეთის სამეფოს მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროექტია, რომელიც 2021 წლიდან ხორციელდება.
ევრაზიის კონტინენტზე არსებული კეთილშობილი ირმის სახეობებიდან გადაშენება ემუქრება მხოლოდ კავკასიურ ქვესახეობას, რაც ათეული წლების განმავლობაში მიმდინარე ბრაკონიერობის შედეგია.