სხვა ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში დაელოდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისვლას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასავლეთ ფრთის შესასვლელთან დახვდება.
„ბიბისის“ ცნობით ეს უჩვეულო ვითარებაა, რადგან, როგორც წესი ქვეყნების ლიდერები თეთრ სახლში დასავლეთი ფრთის შესასვლელიდან შედიან, სადაც მათ ხვდებათ ხოლმე მსოფლიოს პრესა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები დროშებით. ამჯერად კი ევროპელი ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან თეთრი სახლის სამხრეთი ფრთის მხრიდან და იქ მოიცდიან.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ადგილზე შეხვედრას გაცილებით მეტი ადამიანი ელოდება, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა, მათ შორის ზელენსკის პირველი ვიზიტისას და ბენიამინ ნეთანიაჰუს იანვარში ვიზიტის დროს.
ოვალურ კაბინეტში ორი ლიდერის შეხვედრის დაწყებას მედიაც დაესწრება. ზელენსკისა და ტრამპს შორის თებერვალში ჩატარებული ბოლო შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა.
ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ლიდერს აიძულებენ ტერიტორიის ნაწილები რუსეთისთვის გადასცეს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ.
ვაშინგტონში მოსალაპარაკებლად ჩასულები არიან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე და ევროპელი ლიდერები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
ფორუმი
