2025 წლის 18 აგვისტოს ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობბაზაზე რუსეთის იერიშის შესახებ, აზერბაიჯანელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბაქომ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს მოსკოვს.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატის რასიმ მუსაბეკოვის თქმით, SOCAR-ის ობიექტებზე თავდამსხმელ რუსეთზე პასუხის გაცემაა საჭირო, დამატებითი განცხადებებისა და მიმართვების გარეშე.
„ამჟამად საჭირო არ არის მათთვის დამატებითი მიმართვების ან განცხადებების გაგზავნა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მოვხსნათ ემბარგო უკრაინისთვის იარაღის გაყიდვაზე, და ეს ნაბიჯი აუცილებელია. უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ყურადღება არ მივაქციოთ რუსეთის განცხადებებს. სომხეთთან ომის დროს ამოღებული რუსული იარაღი შეიძლება უკრაინას მივყიდოთ. ნახიჩევანში ჩვენი არმია მთლიანად თურქულ შეიარაღებაზე გადავიდა, ამიტომ იქ საკმარისი ჯავშანტექნიკაა დარჩენილი. არის „გრადის“ დანადგარები და სხვა ტექნიკა, რომლის შენახვაც უკვე საჭირო აღარ არის. ამ ტექნიკის გაყიდვა უკრაინაში შეიძლება. თავის დროზე უკრაინა ტანკებსა და მიგ-29 ტიპის გამანადგურებლებს აწვდიდა აზერბაიჯანს. მე ახლა არ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ აზერბაიჯანმა თავის მხრივ მიჰყიდოს უკრაინას საბჭოთა იარაღი, რომელიც ჩვენ აღარ გვჭირდება, შეღავათიან ფასად. მით უმეტეს, ამ თანხებს დიდი სიამოვნებით იხდიან ევროპული ქვეყნები”, – განუცხადა APA-ს დეპუტატმა.
მანამდე, 6 აგვისტოს, რუსეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა ოდესაში მდებარე გაზის კომპრესორულ სადგურზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება უკრაინას.
„ეს იყო შეგნებული რუსული დარტყმა ოდესის ენერგოობიექტზე, რომელიც აზერბაიჯანულ კომპანიას ეკუთვნის. ანუ ეს არის დარტყმა ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე,“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც აზერბაიჯანული Trend წერს, 2025 წლის 18 აგვისტოს ღამეს ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობბაზა მასირებულ იერიშს დაექვემდებარა რუსეთის „შაჰედის“ ტიპის უპილოტოების მხრიდან – თავდასხმამ გამოიწვია პირდაპირი დარტყმების სერია და ხანძარი. დაზიანდა რეზერვუარები, სატუმბი სადგურის შენობა, საოპერატორო და ტექნიკური ნაგებობები, აგრეთვე ბაზის ღობე ნავთობბაზის საცავების საერთო მოცულობა 16 ათას კუბურ მეტრს აღემატება. ამჟამად ტარდება ექსპერტიზა ზიანის ოდენობის დასადგენად, აგრეთვე მიმდინარეობს სასწრაფო აღდგენითი სამუშაოები.
“ეს უკვე მეორე მასშტაბური თავდასხმაა ამ ობიექტზე. მანამდე, 8 აგვისტოს, ამავე ნავთობბაზაზე გაშვებული იყო დაახლოებით ათი უპილოტო, რამაც ნაწილობრივი განადგურება გამოიწვია. ინციდენტების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”.
