FIFA განიხილავს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარებისა და მონაწილეთა რიცხვის გაზრდის იდეას

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) აპირებს, განიხილოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გაფართოების შესაძლებლობა.
ბრიტანული გაზეთის, The Guardian-ის ინფორმაციით, ფიფა შეაფასებს ტურნირის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას 2029 წლიდან მოყოლებული. ჩემპიონატებს შორის ფანჯრის შემცირების იდეით გამოვიდა „რეალი“, ხოლო იმ კლუბებმა, რომლებმაც გამოტოვეს წელს პირველი გათამაშება – „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ნაპოლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ – მხარი დაუჭირეს მადრიდელთა ინიციატივას.
ასევე განიხილება მონაწილეთა რიცხვის გაზრდა (32-დან 48-მდე) და უარის თქმა „ერთი ქვეყნიდან, მაქსიმუმ, ორი კლუბის“ წესზე.
გადატვირთული კალენდრის კრიტიკის ფონზე FIFA-მ, შეიძლება, განიხილოს ივნისის სანაკრებო მატჩების გაუქმება, თუმცა ეს აუცილებლად გამოიწვევს UEFA-ს მხრიდან წინააღმდეგობას, რომელიც ზაფხულში ატარებს ერთა ლიგის ფინალურ სტადიას.
1tv.ge