ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 81 საკონკურსო წიგნიდან 10 ფინალისტი გამოვლინდა.
2025 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:
- მაია ბადრიძე | მაქს ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება” (დიოგენე)
- კატია ვოლტერსი | ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმი“ (ინტელექტი)
- ანი კოპალიანი | ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ (ინტელექტი)
- გიორგი მაჭარაშვილი | ჯოზეფ კემპბელის „ათასსახოვანი გმირი“ (პალიტრა L)
- გვანცა ფოფხაძე | ლუციუს ანეუს სენეკას „მორალური წერილები ლუკილიუსს“ (დიოგენე)
- ოქტაი ქაზუმოვი | გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- ქარდა ქარდუხი | ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგია“ (ინტელექტი)
- მანანა ღარიბაშვილი | პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „ხმა ტომისიდან“ (არტანუჯი)
- ბაჩანა ჩაბრაძე | ანტონენ არტოს „თეატრი და მისი ორეული“ (თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი)
- ზაზა ჭილაძე | კორმაკ მაკართის „გზა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.