2025 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (34.5 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული – სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის ძირითადი შედეგები საქსტატმა გაავრცელა.
ელევატორების 20.7 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 13.8 პროცენტი კახეთის რეგიონში, 10.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 10.3 პროცენტი – ქ. თბილისში, 6.9 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 3.4 პროცენტი – გურიის რეგიონში.
2025 წლის II კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 390 კაცით განისაზღვრა.
2025 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 116.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65.8 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი და 17.5 პროცენტს სოიოს შროტი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 65.6 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2025 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 73.2 მლნ. ლარის ღირებულების 65.0 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 32.9 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 58.3 პროცენტი – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 78.4 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 45.6 პროცენტს, მაისში – 45.2 პროცენტს, ხოლო ივნისში – 45.8 პროცენტს.
