მოსკოვი უკრაინის ხუთ რეგიონთან დაკავშირებით „გარკვეულ დათმობებზე“ წავიდა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ტელეარხ CNN-ის ეთერში. უიტკოფის თქმით, ორშაბათს, 18 აგვისტოს, ვაშინგტონი ტერიტორიების გაცვლის საკითხს განიხილავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე თეთრ სახლში.
„ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე გარკვეულ სიცხადეს მივიღებთ და იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება“, თქვა უიტკოფმა.
სპეციალურ წარმომადგენელს არ დაუსახელებია რეგიონები და არ ულაპარაკია სხვა დეტალებზე.
გარდა ამისა, უიტკოფის თქმით, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებებს უსაფრთხოების სფეროში.
„ჩვენ შევთანხმდით სერიოზულ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებსაც მე თამაშის წესების ცვლილებას ვუწოდებდი. არ გვეგონა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ასე ახლოს ვიქნებოდით შეთანხმებასთან [ნატოს წესდების] მე-5 მუხლის მიხედვით დაცვის შესახებ, რუსეთში საკანონმდებლო დონეზე ვალდებულების კისრებასთან, რომ სამშვიდობო შეთანხმების კოდიფიცირების შემდეგ არ შეიჭრება სხვა ტერიტორიებზე და რუსეთის ვალდებულებასთან, რომ არ დაესხმება თავს სხვა ევროპულ ქვეყნებს ან არ დაარღვევს მათს სუვერენიტეტს“, თქვა უიტკოფმა.
Reuters-მა და Financial Times-მა ადრე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ალასკაში გამართული მოლაპარაკებების დროს რუსეთი გამოვიდა წინადადებით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ფრონტის ხაზი გაყინოს, ასევე სუმისა და ხარკოვის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავიდეს, სანაცვლოდ კი მოითხოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გასვლა კიევის მიერ კონტროლირებადი დონბასის რეგიონებიდან.
ინფორმირებულმა წყაროებმა ზელენსკის პოზიციის შესახებ Financial Times-ს განუცხადეს, რომ ის არ დათანხმდება დონბასის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, მაგრამ მზად არის ტერიტორიული საკითხი განიხილოს 18 აგვისტოს. გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინის ლიდერი ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ღიაა ასევე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ვლადიმირ პუტინთან სამმხრივ შეხვედრაზე.
თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ აშშ არ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის არმიის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები.
„არავინ არ აიძულებს უკრაინას, რომ ამაზე უარი თქვას, ამიტომ არ მგონია, რომ სამშვიდობო შეთანხმება სწორედ ასე შეიძლება გამოიყურებოდეს. თუმცა, პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს, ის ნამდვილად ითხოვს იმას, რისი მხარდაჭერისთვისაც უკრაინელები და სხვები მზად არ არიან. და ჩვენ არ ვაძალებთ მათ ამის გაკეთებას“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა NBC News-თან ინტერვიუში.
მან ასევე თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება შეამცირებს მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის შანსებს. „არა მგონია, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მას აიძულებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ისედაც ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ არიან“, დასძინა რუბიომ.
ალასკაში აშშ-რუსეთის სამიტამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა ზელენსკისთან გამართა სატელეფონო საუბარი, რომელშიც მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი მონაწილეობდნენ. მოგვიანებით საუბარში ევროპელი ლიდერები, ასევე ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები ჩაერთნენ.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის გასაკეთებელია. ამასთან, მათი მონაცემებით, პუტინის პოზიცია არ შეცვლილა – ის მოითხოვს უკრაინის ჯარების გაყვანას დონბასის მთელი ტერიტორიიდან.
აშშ-რუსეთის სამიტი ალასკაში 15 აგვისტოს გაიმართა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, შეხვედრა კიევისთვის „საშინელი“ იყო და შესაძლოა, მიგვიყვანოს უკრაინისთვის კაპიტულაციის ტოლფასი შეთანხმების თავს მოხვევის მცდელობებამდე, წერს Financial Times.
ფორუმი
