ევროპა კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ესპანეთში, სადაც სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. განადგურებულია 150 ჰექტარზე მეტი ფართობი. ვითარებას ართულებს სამხრეთის ქარი და მაღალი ტემპერატურა, რომელიც მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, 40 გრადუსს გადააჭარბებს.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ქვეყნის სამხრეთით მდებარე ზოგიერთ სოფელში ადგილობრივები ცეცხლს მაშველებთან ერთად ებრძვიან, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე და მოერიდონ ხანძრების ზონებს.
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ნომერზე: +3 469 138 72 21
ადგილობრივი: “ხანძრის გაჩენისას სახლში ვიყავი. მოგვიანებით, ცეცხლის გავრცელების მასშტაბის სანახავად მოშორებით გადავედი. ხანძარი ძალიან ინტენსიური იყო. შემდეგ გვითხრეს, რომ მთელი სოფლის ევაკუაციაა საჭირო, ამიტომ წამოვედით”.
მეხანძრე: “აქ რელიეფი უკიდურესად ციცაბო, დახრილი და კლდოვანია, რაც სახმელეთო ოპერაციებს თითქმის შეუძლებელს ხდის, ამიტომ, ჩვენ თითქმის მთლიანად საჰაერო მხარდაჭერაზე ვართ დამოკიდებული. ქარი მუდმივად იცვლება, რაც ხანძრის ხელახალი გაჩენის ალბათობას ზრდის. შედეგად, სიტუაცია ჯერ კიდევ არ გაუმჯობესებულა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტერიტორია ლოკალიზებულია, სხვა ადგილებში ხანძარი კვლავ მძვინვარებს”.
