ინდოეთის როლი ჩინეთ-რუსეთის გეოპოლიტიკურ ურთიერთობაში: ულიმიტო მეგობრობის ლიმიტები

რუსეთის იზოლაციამ დასავლური სამყაროსგან, რომელიც 2022 წელს ში შეჭრის შედეგად მოხდა, რუსული იდენტობის აზიური ნაწილისა და ამ რეგიონთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ინტერესების მნიშვნელობის ზრდა გამოიწვია. დღევანდელი აზიური გეოპოლიტიკური დინამიკა კი დიდწილად სამ გიგანტს – ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს – შორის არსებული ძალთა ბალანსით განისაზღვრება. მოცემული გეოპოლიტიკური სამკუთხედი მზარდი მულტიპოლარიზმის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ცივი ომის შემდგომი ჰეგემონის, როლის ეტაპობრივი შემცირების გამო. ტექტონიკური ძვრები კი, რომლებიც მსოფლიო წესრიგის ცვლას თან სდევს, ყველაზე მკაფიოდ სწორედ აზიაში შეიგრძნობა, სადაც -ს ჩანაცვლების მთავარი პრეტენდენტი – ჩინეთი, მსოფლიოს მთავარი თავის ტკივილი – და მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი განვითარების დიდი პერსპექტივით – ინდოეთი, მდებარეობენ.
ფასადური მეგობრობის მიღმა
მიუხედავად ჩინეთისა და რუსეთის ბოლოდროინდელი დაახლოებისა, რომელიც რიტორიკის დონეზე უსაზღვროა, ხოლო პრაქტიკაში ძირითადად ჩინეთისთვის სარგებლის მომტანი ეკონომიკური თანამშრომლობით ხასიათდება, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობა ყველაზე ფეთქებადსაშიში კომპონენტია თანამედროვე მსოფლიოს ძალთა ბალანსში ამ ურთიერთობის ასიმეტრიულობის გამო. ამის დასამტკიცებლად საკმარისია აღინიშნოს, რომ ჩინეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე თითქმის 10-ჯერ დიდია (ზოგი მონაცემით მეტჯერაც).
ამ ფაქტს თუ დავუმატებთ რუსეთისა და ჩინეთის ეროვნული ინტერესების აშკარა შეჯახებას არაერთ საკითხთან მიმართებაში, ცენტრალურ აზიაში გავლენისთვის ბრძოლით დაწყებული, იმ ტერიტორიებით დამთავრებული, რომლებიც რუსეთმა მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ოპიუმის ომებში დამარცხებულ ჩინეთს წაართვა შორეულ აღმოსავლეთში (ერთ-ერთი ასეთი ქალაქია ვლადივოსტოკი, რომელსაც ჩინურად “ჰაიშენვაი” ჰქვია და ბევრი ჩინელის ცნობიერებაში რუსეთმა არაკანონიერად მიითვისა), მივალთ დასკვნამდე, რომ რუსეთს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის მზარდი ძალის რაიმე ფორმით დაბალანსება მოუწევს. ამისათვის იდეალური კანდიდატურა ის ერთადერთი სახელმწიფო იქნებოდა, რომელსაც ჩინეთისთვის კონკურენციის გაწევის ძალა რეალურად შესწევს – ამერიკის შეერთებული შტატები – თუმცა რუსეთის 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო ეს შესაძლებლობა უახლოეს მომავალში არარეალისტურია. გეოპოლიტიკურ არენაზე რჩება ერთადერთი კანდიდატი, რომელთანაც რუსეთს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული მეგობრული ურთიერთობა აქვს და რომელთან ტანდემშიც რუსეთს ჩინეთის სამომავლო აგრესიული მიზნების წინააღმდეგ რეალური შემაკავებელი ძალის შექმნა შეუძლია – ინდოეთი.
რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობის საფუძვლები
რუსეთისა და ჩინეთის ამბივალენტური ისტორიისა და მათ შორის მუდმივი მანევრირების ფონზე, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართულ გეოპოლიტიკურ სვლებს მრავლად შეიცავდა, ინდოეთის როლი მოცემულ სამკუთხედში უფრო ნათელია – ჩინეთი მისთვის ყოველთვის ყველაზე დიდ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდა. ჩინეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ გაამყარა 1962 წლის სასაზღვრო ომმა, რომელშიც ინდოეთი დამარცხდა და უფრო ახლო წარსულში მუდმივმა შეტაკებებმა ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, რომლებიც ჩინეთის აგრესიული ქმედებების შედეგად წარმოიშვა. ჩინეთი დღესდღეობით მზარდი მილიტარიზაციის გზას ადგას, რაც ინდოეთთან შედარებით მისი ეკონომიკური სიმძლავრის გათვალისწინებით სამხედრო უპირატესობას აშკარად მის მხარეს ხრის.
აქედან გამომდინარე, საბჭოთა კავშირი და შემდგომში რუსეთი ინდოეთისთვის ყოველთვის ბუნებრივ მოკავშირედ აღიქმებოდა ჩინეთის დაბალანსების მიზნით. ამგვარი განწყობა ისეთ ხელშესახებ ქმედებებში ითარგმნებოდა, როგორიც საბჭოთა კავშირის მიერ ინდოეთისთვის იარაღის უწყვეტი მიწოდებაა, რომლის შედეგადაც ინდოეთის არმიის შეიარაღების 90% დღემდე რუსულ სისტემებს იყენებს, რაც ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობისთვის მყარ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმისათვის, რომ ინდოეთსა და რუსეთს შორის ჩინეთის შეკავების მიზნით ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს, ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული ის გამოწვევები, რომლებიც ინდოეთის ეროვნულ ინტერესებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ასეთი გამოწვევა ორია: ინდოეთის ოკეანეში ჩინეთის მზარდი გავლენა და ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე არსებული მუდმივი დაძაბულობა.
“მარგალიტების ჯაჭვი”
ჩინეთი ინდოეთის ოკეანეში გავლენის მოპოვებას და ინდოეთის შევიწროებას ე.წ მარგალიტების ჯაჭვის სტრატეგიით ცდილობს, რომელიც ინდოეთის ოკეანის სანაპირო სახელმწიფოებში, როგორებიცაა , შრი-ლანკა თუ ბირმა, პორტების შესყიდვის გზით საზღვაო ქსელის შექმნას გულისხმობს. პორტების განლაგებას თუ დავაკვირდებით, რომელთა გამოყენებაც ჩინეთს როგორც სამოქალაქო, ისე პოტენციურად სამხედრო მიზნებით შეუძლია, ადვილად მივხვდებით, ვის წინააღმდეგაა ეს სტრატეგია მიმართული – თითქმის ყველა პორტი ინდოეთის ირგვლივ მდებარე ინდოეთის მიმართ არცთუ მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოშია განლაგებული.
“მარგალიტების ჯაჭვის” მეტაფორა კი იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ ჩინეთს თავისი ფლოტით პორტებს (მარგალიტებს) შორის კავშირის დამყარება და ჯაჭვის შექმნა ნებისმიერ დროს შეუძლია, რომელიც ინდოეთის წვდომას ინდოეთის ოკეანეზე საგრძნობლად შეზღუდავს. ამ ყოველივეს უფრო კონკრეტული მიზანი კი, ზოგადი გავლენის ზრდის გარდა, მსოფლიო ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანესი სრუტეების კონტროლს უკავშირდება, უფრო ზუსტად კი მალაკას სრუტის კონტროლს. მალაკას სრუტე ინდონეზიასა და მალაიზიას შორის, ინდოეთის ოკეანესთან ახლოს მდებარეობს და ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ დილემას წარმოადგენს. სწორედ მალაკას სრუტეზე გადის ჩინეთის მსოფლიო ვაჭრობის 70%, ხოლო მსოფლიო ვაჭრობის მეოთხედი, რის გამოც ამ სრუტის გარე ძალის მიერ განხორციელებული შესაძლო სამხედრო ბლოკადა ჩინეთის ეკონომიკას დიდ ზარალს მიაყენებს. ასეთ ძალებად კი ჩინეთისთვის, უპირველეს ყოვლისა, აშშ და გარკვეულ შემთხვევებში ინდოეთი მოიაზრებიან. ინდოეთის ოკეანეში გაზრდილი გავლენა კი ჩინეთს ამ საფრთხისგან დიდწილად იცავს. სწორედ ამ სიტუაციაში ხედავს რუსეთი საკუთარ როლს, რომელიც პირდაპირ მოცემულ ინტერესთა კონფლიქტში არ ჩაერთვება გეოგრაფიული მიზეზების გამო, თუმცა ინდოეთს აქტიურად აწვდის მაღალი დონის საზღვაო შეიარაღებას, მათ შორის თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიების უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს – წყალქვეშა ნავებსა და ავიამზიდებს. ამავე ტენდენციის მანიშნებელია რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტისა და ინდოეთის ფლოტის საერთო საზღვაო წვრთნები ინდოეთის ოკეანეში, რომელიც 2023 წლის ნოემბერში ჩატარდა. ასეთი სვლებით რუსეთი პირდაპირ კონფრონტაციაში არ შედის ჩინეთთან, რომელზეც ეკონომიკურად ძალიან დამოკიდებულია, თუმცა იტოვებს გეოპოლიტიკური მანევრირების საშუალებას ინდოეთის დახმარების გზით.
სილიგურის კორიდორი
ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარი ბევრად უფრო პირდაპირი დავის საგანია ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც ღია კონფრონტაციის მაღალ რისკს შეიცავს. იმის აღსანიშნად, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის მკაფიოდ დადგენილი საზღვარი არ არსებობს, გამოიყენება ტერმინი “ფაქტობრივი კონტროლის ხაზი”, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები დე-ფაქტო აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიებს, თუმცა ოფიციალურად გავლებული საზღვარი მათ შორის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთსა და ჩინეთს 3 500 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, ინდოეთისთვის ყველაზე მოწყვლადი წერტილი 20 კილომეტრის სიგანის მქონე სილიგურის კორიდორია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ერთადერთი დამაკავშირებელი არტერიაა ინდოეთის დანარჩენ ნაწილთან.
ჩინეთის მიერ ამ პატარა მონაკვეთის გადაკეტვის შემთხვევაში, რაც რეალისტური სცენარია თუ მხარეებს შორის ესკალაციის დონე კიდევ უფრო მოიმატებს, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 8 რეგიონი და ინდოეთის სამხედრო დანაყოფების დიდი ნაწილი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება, რაც ინდოეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს. ჩინეთის მხრიდან ამგვარი განზრახვა ნათლად გამოიკვეთა 2017 წლის სასაზღვრო შეტაკებების დროს, როდესაც ჩინეთმა სწორედ სილიგურის კორიდორის მიმდებარე ტერიტორიებზე სცადა “ფაქტობრივი კონტროლის ხაზის” გადმოწევა. ამ მცდელობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჩინეთისთვის სილიგურის კორიდორის ბლოკადის განხორციელება საგრძნობლად გამარტივდებოდა. ინდურმა დანაყოფებმა შეტევის მოგერიება შეძლეს, თუმცა ჩინეთის აგრესიული გეგმები არსად გამქრალა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ სცენარის თავიდან აცილება ინდოეთის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კვლავაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება რუსეთის მხრიდან როგორც იარაღის სტაბილურ მიწოდებას, ისე მის მიერ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალის გამოყენებას სამხრეთ აზიის ქვეყნებში, რომელიც მხოლოდ ინდოეთით არ შემოიფარგლება. რუსეთს შეუძლია ინვესტიციების სახით ჩაერთოს სილიგურის კორიდორის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებში, რაც ინდოეთის რეგიონებს შორის იზოლაციას შეამცირებს და უშუამდგომლოს ინდოეთს რეგიონულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, როგორიც ბანგლადეშია, რათა შესაძლებელი იყოს ჩინეთის მიერ ბლოკადის განხორციელების შემთხვევაში შემოვლითი გზის გამოყენება.
სამომავლო პერსპექტივები
რუსეთ-ინდოეთის მიერ გამოკვეთილად ანტი-ჩინური კოალიციის ჩამოყალიბება რთული და ნელი პროცესი იქნება, რომელზეც ბევრ სხვა გლობალურ ფაქტორსაც ექნება გავლენა. რუსეთი უახლოეს მომავალში ჩინეთთან პირდაპირი ან ირიბი გზებით კონფრონტაციას მოერიდება. ინდოეთი კი ეცდება სტაბილურობა თუნდაც ახლა არსებული დაძაბულობის ფონზე შეინარჩუნოს, რათა ეკონომიკური განვითარება და მოდერნიზაცია მშვიდობის პირობებში შეძლოს. გარდა ამისა, ინდოეთი, თავისი მზარდი ამბიციებიდან გამომდინარე, მხოლოდ რუსეთზე ვერ იქნება დამოკიდებული. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ აშშ-ს დაინტერესება ინდოეთით დღითიდღე იზრდება იმავე ჩინეთის შეკავების მიზნით. მიუხედავად მოცემული სირთულეებისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას გეოპოლიტიკური კანონზომიერებების უგულებელყოფა ვერ მოხდება. ეს კანონზომიერებები კი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთსა და ინდოეთს გაძლიერებული და მეტად აგრესიული ჩინეთის სახით საერთო მოწინააღმდეგე ჰყავთ, რის გამოც მათი მოკავშირეობა ბუნებრივი მოვლენაა. მეტიც, რუსეთი სავარაუდოდ მომდევნო ათწლეულებში გააანალიზებს, რომ, აშშ-სთან კონკურენციის მიუხედავად, რომელიც სავარაუდოდ სრულად ვერ აღმოიფხვრება, დასავლეთთან გეოპოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზება ერთადერთი საიმედო საშუალებაა ჩინეთზე სრული დამოკიდებულებისგან თავის დასაცავად. ამ გეგმის განსახორციელებლად კი ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საწყისი რგოლი იქნება.