როდესაც ვფიქრობთ შემოქმედებითობაზე ორგანიზაციებში, თითქმის ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ქმნის ის უკეთეს პროდუქტებს, გვეხმარება უფრო ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში, მომხმარებლებისთვის უფრო მიმზიდველი შეთავაზებების მიწოდებაში და თანამშრომლების მოტივირებაში. ერთი რამ, რაც სამსახურში თითქმის არასოდეს გესმით, არის: „ხომ არ შეგიძლია იყო ცოტა ნაკლებად კრეატიული?“ ეს იმიტომ, რომ კრეატიულობა თითქმის ყოველთვის ასოცირდება დადებით შედეგებთან, როგორც შემოქმედებითი ადამიანისთვის, ასევე მათი კომპანიისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კრეატიულობას აქვს მკაფიო სარგებელი თანამშრომლების მათ მიერ შესრულებულ სამუშაოში, მაინც საინტერესოა ორგანიზაციული კრეატიულობის გაუთვალისწინებელი სარგებლის უკეთ გაგება: ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიურ სოციალურ ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის. აქამდე ჩვენ ეს პირიქით ვიცოდით, რომ პოზიტიური სოციალური ურთიერთობები უწყობს ხელს კრეატიულობას. უამრავი კვლევა ამტკიცებს – როცა გუნდის წევრებს მოსწონთ ერთმანეთი და თანხმდებიან, უფრო კრეატიულ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგრამ გარდა იმისა, რომ პოზიტიური სოციალური ურთიერთობები ხელს უწყობს შემოქმედებით პროცესს, შეუძლია თუ არა კრეატიულობას კოლეგების დაახლოება?
ამ შესაძლებლობის შესასწავლად, ჩატარდა ექსპერიმენტი, რათა ენახათ, შეუძლია თუ არა შემოქმედებით აზროვნებაში ყოფნას პოზიტიური სოციალური გამოცდილების მოტანა. 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში, ყოველ დილით, შემთხვევითი პრინციპით ანაწილებდნენ 151 თანამშრომლისგან შემდგარ ჯგუფს. ამ ადამიანებს ჰქონდათ სხვადასხვა სამუშაო პოზიცია, მათ შორის იყო ტექნიკური ლიდი, პროექტის მენეჯერი, R&D ინჟინერი, ფილიალის მენეჯერი, მომხმარებელთა მომსახურების ხელმძღვანელი და ფინანსისტი. დღის მანძილზე იყო კრეატიული და ნეიტრალური მდგომარეობები. დღის ბოლოს, სთხოვდნენ შეეფასებინათ რამდენიმე ასპექტი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ დღეს თანამშრომლებთან ურთიერთობასთან. აღმოჩნდა, რომ იმ დღეებში, როდესაც ისინი იყვნენ კრეატიულ პოზიციაში, მონაწილეები თავს სოციალურად უფრო ახლოს გრძნობდნენ თავიანთ თანამშრომლებთან. ამ სოციალურმა სიახლოვემ წაახალისა ის, რომ თანამშრომლები უფრო ნაკლებად ეუხეშებოდნენ ერთმანეთს და სხვებისგანაც იმავეს ამჩნევდნენ.
ამ ახსნის შესამოწმებლად, ჩაატარეს ლაბორატორიული ექსპერიმენტების სერია, რათა გამოეკვლიათ, როგორ შეიძლება შემოქმედებითობის ბუნებამ გამოიწვიოს სოციალური სიახლოვის გაზრდა. მეორე (რომელშიც მონაწილეობდა 370 თანამშრომელი) და მესამე (275 თანამშრომელი) კვლევებში აღმოაჩინეს, რომ ბრეინშტორმინგის შედეგად, მონაწილეებს უკეთ ესმოდათ, რომ მათი თანამშრომლები შემოქმედებითი პროცესის განუყოფელი ნაწილი იყვნენ. მეოთხე კვლევაში (686 მონაწილით), აღმოაჩინეს, რომ ადამიანური რესურსების ახალი და ახალი პრაქტიკის შემუშავებით, თანამშრომლებმა გააცნობიერეს თავიანთი თანამშრომლების როლის მნიშვნელობა შემოქმედებით პროცესში.
საერთო ჯამში, კვლევის შედეგად შენიშნეს, შემოქმედებითი აზროვნების შედეგად როგორ გაძლიერდა სოციალური სიახლოვე. მაგალითად, მონაწილეებს მოსდით უნიკალური იდეა კოლეგასთან საუბრის შედეგად ან გუნდური ბრეინშტორმინგი პრობლემის გადაჭრის სრულიად განსხვავებული გზების პოვნაში ეხმარებათ, ან რაღაც საკითხს უფრო სიღრმისეულად ეცნობიან.
შემოქმედებითობის ამ ეფექტებს შორის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რამდენად დამხმარე და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო იყო გარემო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც თანამშრომლები მუშაობდნენ ხელშემწყობ გარემოში, სადაც ისინი არ განსხვავებულად აზროვნებას რისკის შემცველად არ აღიქვამდნენ, კრეატიულობა უფრო დიდ სიახლოვეს იწვევდა თანამშრომლებს შორის.
ხელმძღვანელებმა უნდა გააცნობიერონ კრეატიულობის როლი თანამშრომლებს შორის სოციალური კავშირების გაძლიერებაში. კვლევა ვარაუდობს, რომ ჯგუფებში, სადაც უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა, შესაძლოა მომგებიანი იყოს მათთვის რამდენიმე შემოქმედებითი დავალების მიცემა, რადგან ეს შეიძლება დაეხმაროს ამ თანამშრომლებს შორის სოციალური კავშირების დამყარებას.
წყარო: HBR