სომხეთში მილიარდერი კარაპეტიანის პატიმრობის ვადა გაახანგრძლივეს – ის პარტიის შექმნას აანონსებს

სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიდევ ორი თვით გაახანგრძლივა დაპატიმრებული ბიზნესმენის, „ტაშირ ჯგუფის“ დამფუძნებელის, რუსეთთან კავშირების მქონე სამველ კარაპეტიანის წინასწარი პატიმრობა.
ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლიანა გასპარიანმა გაავრცელა პარასკევს, 15 აგვისტოს. იგი გასაჩივრებას ხვალ, 16 აგვისტოს, გეგმავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
ადვოკატმა ბიზნესმენის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას „უკანონო“ უწოდა და თქვა: „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სომხეთში სამართალი არ არსებობს“.
· კარაპეტიანი უკვე ორი თვეა, სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის საპატიმროში იმყოფება.
· მისი დაპატიმრების შემდეგ სომხეთის მთავრობამ კარაპეტიანის საკუთრებაში არსებული „სომხეთის ელექტროსისტემის“ ნაციონალიზაციის პროცესი დაიწყო.
13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სამველ კარაპეტიანი აფუძნებს პოლიტიკურ პარტიას და აპირებს პრემიერ-მინისტრ ს წინააღმდეგ ბრძოლას.
ეს ინფორმაცია გაავრცელა მისმა საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, რომელიც 11 აგვისტოს ჩავიდა ერევანში.
ამსტერდამი, რომელიც 2000-იან წლებში რუსი ოპოზიციონერი მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესებს იცავდა, 2023 წლიდან კი გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატია, ამჯერად აცხადებს, რომ სომხეთში „ეკლესიის და მისი უკანონოდ დაკავებული შვილების დასაცავად“ ჩავიდა.
„ჩემი მთავარი მისია სომხეთში არის ეკლესიის დაცვა, ქრისტეს შვილების, უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაცვა“, – განაცხადა მან და ამ კონტექსტში ახსენა დაპატიმრებული ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი:
„როდესაც ისეთი ბიზნესმენები, როგორიც არის სამველ კარაპეტიანი, მორწმუნეები, რომელთაც უყვართ საკუთარი სამშობლო და ეკლესია, არიან რეიდებისა და თავდასხმების მსხვერპლნი, რაღაც ვერ არის რიგზე“, – უთხრა მან ჟურნალისტებს ზვარტნოცის აეროპორტიდან გამოსვლის შემდეგ.

ეკლესიასთან დაახლოებული პირია მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელიც 2025 წლის 18 ივნისს სომხეთში დააკავეს. კარაპეტიანმა ქონება რუსეთში დააგროვა.
· ამავე, „ხელისუფლების დამხობის“ საქმეზე დააკავეს არქიეპისკოპოსები ბაგრატი (გალსტანიანი) და მიქაელ აჯაფახიანი.
· ამავე საქმეზეა დაკავებული საქართველოს ყოფილი მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოში დაპატიმრებული და „ქართული ოცნების“ პირობებში გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანი.
ფორუმი