კოალიცია ცვლილებისთვის: მხარდაჭერას ვუცხადებთ NGO-ებს, რომლებსაც რეჟიმი ღიად დაემუქრა

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც, კოალიციის თქმით, რეჟიმი დღეს ღიად დაემუქრა.
კოალიცია აცხადებს, რომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრინციპულობა, გაუტეხლობა და თანმიმდევრულობა. სწორედ მსგავსი უკომპრომისო წინააღმდეგობა არის გზა გამარჯვებისკენ.
განცხადება სრულად:
“სრულ სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც რეჟიმი დღეს ღიად დაემუქრა სისხლისსამართლებრივი დევნით, რადგან მათ არ მიიღეს რუსული კანონის თამაშის წესები და არ დარეგისტრირდნენ აგენტებად.
მიუხედავად, ევროკავშირის მოთხოვნებისა, “ქართულმა ოცნებამ” გააუქმოს ყველა ანტიდემოკრატიული კანონი, ივანიშვილის რეჟიმი განაგრძობს კრემლის გზით სიარულს და სწორედ ასე ცდილობს გააჩუმოს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გახმოვანებასა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობენ. რეჟიმი ევროკავშირის მოთხოვნების უგულებელყოფით გვართმევს უვიზო მიმოსვლასა და შანსს გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
ამ ვითარებაში განსაკუთრებით დასაფასებელია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პრინციპულობა, გაუტეხლობა და თანმიმდევრულობა. სწორედ მსგავსი უკომპრომისო წინააღმდეგობა არის გზა გამარჯვებისკენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.