„15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო იღებს“ – მიხეილ სარჯველაძე

„15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო იღებს“ –
„15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფო იღებს. ხოლო ამ დრომდე მოქმედი, „ჩანაცვლებითი თერაპიის“ მიმწოდებელი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა და ყველანი, მათ მიერვე შერჩეულ ცენტრებში, მომსახურებას სრულად უფასოდ მიიღებენ.
„ასეთ პირი გახლავთ 1512. ამასთან, სხვადასხვა მიზეზის გამო, დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა – მათ შორის არიან არა რეგულარული, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული. გარდა ამისა, მოგვმართეს პირებმა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ დაადასტურეს შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა. არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა, დოზების შესახებ, ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პაციენტების მიერ მიწოდებული მონაცემების სხვაობაზეც ისაუბრა.
„რამდენად ხშირია ჩამოთვლილი შემთხვევები, იმ პირთა შორის, ვისაც პროგრამაში ჩასართავად არ მოუმართავს, ამის თქმა, ახლა, ნამდვილად არ შეგვიძლია.
აქვე, მინდა, ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც დადასტურებული აქვს, სახელმწიფო ცენტრებში, მომსახურების მიღება, ყურადღება მიაქციოს დაწესებულებაში მისვლის დროს და დაიცვას შესაბამისი ინსტრუქციები – მათ შორის, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, თუ ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება – მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, ასეთი ბენეფიციარები, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამაში.
აქვე მინდა აღვნიშნო, მზად ვართ იმისთვის, რომ თითოეულ ბენეფიციარს, საჭირო სერვისი სრულფასოვნად მივაწოდოთ, როგორც პერსონალის, ისე ინფრასტრუქტურის კუთხით. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, არის მედიკამენტების მარაგი და სერვისის მისაწოდებლად არსებული პროცედურები სრულად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს “, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა კერძო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის დასაქმების საკითხზეც ისაუბრა.
„უკვე გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დავიწყოთ კერძო ცენტრების სამედიცინო პერსონალის პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვა. ასეთი არის, დაახლოებით, 60 ექიმი. რა თქმა უნდა, მათ დაემატებიან ექთნებიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამინისტრო, პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება წარმატებისათვის საჭირო ყველა ზომას მიიღებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, თუ სამედიცინო მიმართულებების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
„მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ მათ შეძლონ და დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს