ომები უკრაინასა და ისრაელში, ხელოვნური ინტელექტი, სუიციდი – რას ეხება პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქის, ილია მეორის საშობა ეპისტოლეს, სადაც გარდა თავად შობის დღესასწაულის მნიშვნელობისა, განხილულია გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური საკითხები. პატრიარქი ეპისტოლეში ვრცლად საუბრობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და მისი არასწორად გამოყენების საფრთხეებს, ასევე მშვიდობას უსურვებს ახლო აღმოსავლეთსა და ს.
“სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო” – ნათქვამია 7 იანვრის ეპისტოლეში. ილია მეორე გეოპოლიტიკურ საკითხებს შეეხო 2023 წლის საშობაო ეპისტოლეშიც, მაშინ მორწმუნეებს ახსენებდა, რომ “განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისთვის ჩვენს ზრუნვას, [რადგან] გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია.”
ილია მეორე საუბრობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანმხლებ სირთულეებზეც – ის თვლის, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს საზოგადოება მომზადებული უნდა შეხვდეს და არ უნდა დაივიწყოს, რომ ადამიანისთვის მთავარი ამოცანა მაინც პიროვნული სრულყოფილების მიღწევაა და ყველა ინსტრუმენტი ამ მიზნისთვის უნდა გამოიყენოს.
“ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?” – ვკითხულობთ ეპისტოლეში, სადაც ნათქვამია, რომ სამყაროს საფრთხე ხელოვნური ინტელექტის გაძლიერების პირობებში შეიძლება შეუქმნას ადამიანის ეგოცენტრულმა მისწრაფებებმა. პატრიარქი მორწმუნეებს ახსენებს, რომ ცოდნასთან ერთად აუცილებელია უფლის რწმენაც, რომელსაც “ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას.”
ეპისტოლეში ნათქვამია, რომ ქრისტიანობის ისტორიაა ამავდროულად განსწავლული, ჭკვიანი ადამიანების ისტორიააცაა, რომლებისთვისაც მთავარი კითხვა იყო, როგორი იქნება ჩვენი არჩევანი.
“თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად” – ეს არის ბოლო პასაჟი ეპისტოლეში ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე ახსენებს სუიციდსაც და მორწმუნეებს მოუწოდებს, არასოდეს იფიქრონ თვითმკვლელობაზე იმის მიუხედავად, რა განსცდელიც არ უნდა შეხვდეთ ცხოვრებაში. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, თვითმკვლელობა მძიმე ცოდვაა, რომელიც ადამიანს ართმევს შანსს, მოხვდეს სასუფეველში.
“არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ” – წერია საშობაო ეპისტოლეში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
საზეიმო ღვთისმსახურება სამების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. პატრიარქის ეპისტოლე მან საზეიმო წირვის დაწყებამდე გააცნო სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.
საშობაო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
7 იანვარს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება “ალილოც.”

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება