“რუსეთი უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი დარტყმა უპასუხოდ არ ჩაივლის” | ზელენსკი დონეცკის დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტი რუსების მიერ დონეცკზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბავშვებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ არც ერთი ასეთი დარტყმა უპასუხოდ არ ჩაივლის.
“დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში რუსული სარაკეტო დარტყმის, კონკრეტულად S-300 რაკეტებით დაბომბვის შემდეგ სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებსა და ნამსხვრევების გაწმენდის პროცესში, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამაშველო ძალები და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სამწუხაროდ, ბავშვები. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანი. რუსული დარტყმის სამიზნე იყო ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. ყველა დაშავებულს უტარდება საჭირო დახმარება. უნდა გრძნობდეს, რომ არც ერთი ასეთი დარტყმა ტერორისტული სახელმწიფოსთვის უპასუხოდ არ ჩაივლის. ჩვენ ეს უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ძალებით, თავდაცვითი და პოლიტიკური შესაძლებლობებით,” – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ასევე ნახეთ:
· რუსების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი