₾97 მლნ-ის შემოსავალი, ₾14 მლნ-ის ზარალი – ვის ეკუთვნის და რას საქმიანობს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”

ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული არასახარბიელო ვითარების ფონზე, “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ” 2024 წელს შემოსავლების 84%-იანი ზრდა შეძლო, თუმცა წელი მაინც 14 მილიონიანი ზარალით დაასრულა. კომპანია მმართველობით ანგარიშში მიუთითებს, რომ ამ ზარალის მიუხედავად,
ჯგუფის წმინდა მიმდინარე პოზიცია დადებითია და 17.1 მლნ ლარს შეადგენს. კომპანიამ სრულად გაისტუმრა სესხები, აქვს მარაგები და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერა მეწილეებისაგან.
მთლიანობაში, “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიამ, გასულ წელს 97.9 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, მთლიანი მოგება 6.7 მილიონს შეადგენდა. ამასთან, ირკვევა, რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ბაზარზე გაზრდილი იყო ფეროშენადნობების ფასი, რაც 1 ტონაზე საშუალოდ 3,152.9 ლარს შეადგენდა. ამ ფასად, კომპანიამ 26,937.50 ტონა ფეროსლიკო მანგანუმი რეალიზება შეძლო, ჯამში 85 მილიონი ლარის ღირებულების და ასევე 1.9 მლნ ლარი მიიღო 3 337 ტონა მანგანუმის აგლომერატის გაყიდვით.
კომპანია მიუთითებს, რომ 2024 წელს სილიკომანგანუმზე დაბალი მოთხოვნა იყო, რაც ფოლადის ფასების კლებამ და შენელებულმა გლობალურმა ტენდენციებმა განაპირობა.
“ფოლადის ბევრი მწარმოებელი მუშაობს ნაკლები სიმძლავრით დაბალი მოთხოვნის გამო. დამატებით, გლობალურმა ეკონომიკურმა პირობებმა, მათ შორის, დაძაბულობამ ვაჭრობის კუთხით და შენელებულმა წარმოებამ, გამოიწვია ფოლადის წარმოების შემცირება. ამ ფაქტორების შედეგად, სილიკომანგანუმის ფასმა 2024 წლის მეორე ნახევარში კვლავ განიცადა კლების ზეწოლა, მიუხედავად წლის დასაწყისში ხანმოკლე აღდგენისა. 2025 წელს სილიკომანგანუმის (SiMn) ბაზარი განიცდის ძლიერ აღმავალ ტრაექტორიას, რაც ეფუძნება 2024 წელთან შედარებით საშუალო ფასის 12%-იან ზრდას. ეს ზრდა, ძირითადად, განპირობებულია ფოლადის წარმოებისა და მოხმარების ზრდით ძირითად ბაზრებზე, მათ შორის აზიასა და შეერთებულ შტატებში, ზოგადი ეკონომიკური აღმავლობით”, – ნათქვამია “ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას” მმართველობით ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია რამდენიმე სახის პროდუქციას აწარმოებს: ფეროსილიკომანგანუმს (FeSiMn), ფერომანგანუმს ( FeMn) და ფეროსილიციუმს ( FeSi), ასევე ფეროსილიკომანგანუმის საწარმოებლად საჭირო ძირითადი ნედლეულის – მანგანუმის კონცენტრატს და აგლომერატს.
წარმოებული პროდუქციის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ყაზახეთი, , აზერბაიჯანი, , . გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ექსპორტს ახორციელებს ესტონეთში, ბელარუსში, თურქეთში, ერაყსა და იაპონიაში.
კომპანია ფლობს 2 ფეროშენადნობთა ქარხანას, მანგანუმის კონცენტრატის წარმოებისთვის 3 გამამდიდრებელ ქარხანას, აგლომერატის წარმოებისთვის აგლომერაციის ქარხანას.
“2025 წელს კომპანია გეგმავს ფეროშენადნობების წარმოების სიმძლავრეების გაზრდას ორი ახალი ღუმლის დამატებით. აღნიშნული პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, წარმოების მოცულობა გაიზრდება 1200 ტონით თვეში. წარმოების სიმძლავრეების გაზრდის პარალელურად კომპანია ასევე გეგმავს ახალი ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას და არსებული ელექტროქვესადგურის რეაბილიტაციას”, – ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” 2008 წელს დაფუძნდა, კომპანიის მესაკუთრეა კვიპროსში რეგისტრირებული Semiclone Corporation-ი. მშობელი კომპანიის საბოლოო მფლობელი კი, ფიზიკური პირი – შმაგი ქემერტელიძეა, რომელიც ასევე საქმიანობს ყაზახეთში.