პარტია თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებს, ქართველი ემიგრანტების დახმარებით, ღია წერილით მიმართა, რომელშიც საუბარია “60-ზე მეტ პოლიტპატიმარზე, რეპრესიებზე, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაზე, ოპოზიციის ლიდერების დაჭერასა და მედიის თავისუფლების ხელყოფაზე”.
დავით ჯინჭარაძის თანახმად, წერილში სთხოვენ ბრიტანეთის ხელისუფლებას გააქტიურებას, განსაკუთრებით სანქციების მიმართულებით. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების გაზრდილ ფინანსურ მხარდაჭერას და პარლამენტში ამ საკითხის წამოჭრას.
ის აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 5 დეპუტატის პასუხს წერილზე და მიუთითებს, რომ 4 მათგანი მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელია:
“ახლავე უნდა შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე ძალადობა… მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და მონახოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან” – ჯეიმს მიურეი, ლეიბორისტული პარტია.
“ვგმობ პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერების ტალღას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას. ზუსტად რეპრესიების ამ ტალღამ გამოიწვია ბრიტანეთის და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესება” – ბამბოს ჩარალამბოსი, ლეიბორისტული პარტია.
“ვიცი, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება პირდაპირ ესაუბრა ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლებს. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობა ჩემთვის შემაშფოთებელია’’ – დერენ პაფი, ლეიბორისტი.
“კონსერვატიული პარტია აღარ ვართ ხელისუფლებაში, თუმცა ვაგრძელებთ საკითხზე დაკვირვებას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს საკითხზე შეკითხვების დასმას” – ოპოზიციის ლიდერის, კონსერვატორი კემი ბადენოკის ოფისი.
“ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და პროტესტის მონაწილეების მიმართ… ბრიტანეთმა უკვე დააწესა სავიზო და სხვა სახის სანქციები დამნაშავეებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დასაცავად” – ტულიფ სიდიქი, ლეიბორისტული პარტია.
დავით ჯინჭარაძის თქმით, წერილი გადაეცა კიდევ რამდენიმე დეპუტატს, ლორდსა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.
“სანამ მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთზე ფიზიკურად ძალადობით არიან დაკავებულნი, ვაგრძელებთ ბრძოლას “ქართული ოცნების’” იზოლაციისთვის ყველა დონეზე”, – წერს დავით ჯინჭარაძე.