ე.წ. აგენტების და ლგბტ თემის უფლებების შემზღუდავი კანონები, გამოხატვის და მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ჟურნალისტებზე თავდასხმებია უარყოფით ცვლილებებს შორის, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ შეიტანა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ამსახველ ანგარიშში.
12 აგვისტოს გამოქვეყნებული 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში აღსანიშნავი ნეგატიური ცვლილებები მოიცავდა ამოქმედებას ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის, რომელიც სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებით, ზღუდავს გამოხატვის და გაერთიანებების თავისუფლებას და ე.წ. ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული სახეობების კრიმინალიზაციას ახდენს.
ანგარიშში საუბარია დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანიაზეც, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითებს სანდო ცნობები წამების ან სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, თვითნებური დაპატიმრებების ან დაკავებების და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების შესახებ. მათ შორისაა მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობით დამუქრება, ჟურნალისტების დაუსაბუთებელი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა და ე.წ. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენა.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებების დამრღვევი ზოგიერთი თანამდებობის პირის მიმართ გამოძიებისა და დასჯისთვის, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია „უცხოური გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერების აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმებზე, მათ შორის ე.წ. ტიტუშკების მხრიდან.
სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში შეიტანა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელებით დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა საპატრულო პოლიცია არ ერეოდა მედიის წარმომადგენლებსა და დემონსტრანტებზე ე.წ. ტიტუშკების თავდასხმებში და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მათ ხელმძღვანელობდნენ ან მათთან თანამშრომლობდნენ.
ანგარიშში საუბარია სატელეფონო მუქარებზეც, რომლებსაც ჟურნალისტები და აქტივისტები იღებდნენ და მათ სახლებსა და ოფისებთან ვანდალიზმის ფაქტებზე, მათ შორის შეურაცხმყოფელ პლაკატებზე და ავტომობილების დაზიანებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ხელისუფლების მცდელობებზე, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს შეეზღუდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების გამოხატვის თვისუფლება იძულებისა და დაშინების გზით.
ანგარიშში მოხვდა ის ფაქტიც, რომ ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა აუკრძალეს, ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტებს კი აკრედიტაცია დროებით ჩამოართვეს.
ფორუმი
