თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ.
გადაწყვეტილება სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ (პაატა სილაგაძე — თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი და გიორგი კურატიშვილი) გამოიტანა.
„გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დღევანდელმა განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება სრულად პოლიტიკურად კონტროლირებულია და ხელისუფლების მორჩილ ინსტრუმენტად არის ქცეული. ეს არ იყო სამართლებრივი პროცესი — ეს იყო ფორმალობად შენიღბული პოლიტიკური რეპრესიის მორიგი ეტაპი. გიორგის საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპონენტების გასანადგურებლად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რათა ეს უსამართლობა არ დარჩეს შენარჩუნებული. ეს ბრძოლა არ დასრულდება დღევანდელი გადაწყვეტილებით — პირიქით, ის გადადის ახალ ეტაპზე და სამომავლოდ, გაგრძელდება საერთაშორისო ინსტანციებში“, — განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა დავით ჯანდიერმა.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ორივე მუხლში.
გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეში. როგორც ბიტკოინების, ისე „მტკვარი ჰესის“ საქმეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია.
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.
განაჩენის გამოცხადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაზარალებულმა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე დაჩქარებულ ვადებში განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.
მესამე საქმე ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის აღძრული. ბაჩიაშვილმა ქვეყანა მიმდინარე წლის მარტში დატოვა, თუმცა 27 მაისს სუს-მა მისი დაკავების შესახებ განაცხადა. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში „აირზენას” თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. 11 ივლისს, გლდანის ციხის საკანში ბაჩიაშვილს სცემეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალა, ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესები ერთადერთია, სადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაღება დაუშვა.
