საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში საზამთროს ფასი 16%-ით შემცირდა.
აღნიშნულზე ფერმერი გია ჩახვაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ წლევანდელი მოსავალი კახეთში სეტყვამ და სიცხეებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.
„სეტყვამ მთელი 20 ჰა საზამთროს ბაღი გამინადგურა. სადაზღვევო კომპანიებმა მოსავალი არ დამიზღვიეს. მითხრეს, რომ საკითხს განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ არ დამიზღვიეს…
ბევრი მოსავალი იყო, მაგრამ წყალი არ გვაქვს რომ მოვრწყათ, ამას ემატება სიცხეები. მოსავალი იწვება და იბუგება, ამიტომ იძულებულები ვართ, იაფად გავყიდოთ. 5-6 კილოგრამიანი საზამთროები მთლიანად განადგურდა. დაახლოებით 150 000 ლარის ზარალი მაქვს“, – ამბობს ჩახვაშვილი.
მისი თქმით, ზარალის ნაწილობრივ შესამსუბუქებლად, სომხეთში ექსპორტს ახორციელებს: „სომხეთის ტრაილერები შემოდის, გავაკეთეთ განაცხადი, რომ ნატურალურ საზამთროს ვაწარმოებთ და კილოგრამს 60 თეთრად ვყიდით. ამან ცოტა გვიშველა, რომ ზარალი ნაწილობრივ შეგვემსუბუქებინა“, – თქვა მან.
