ჩინეთის რკინიგზა საქართველო-აზერბაიჯან-ყაზახეთის ერთობლივ საწარმოში გაწევრიანდა

China Railway Container Transport-ის შვილობილი კომპანია “ჩინეთის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები” (China Railway Container Transportation) საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზის ოპერატორების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმო Middle Corridor Multimodal-ში გაწევრიანდება. ამის შესახებ ერთობლივი საწარმოს აქციონერები რიგგარეშე საერთო კრებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას Report ყაზახეთის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
Middle Corridor Multimodal-ის აქციონერთა საერთო კრება ბაქოში გაიმართა. შეხვედრაზე შუა დერეფნის განვითარება, პროცესების დიჯიტალიზაცია, შეფერხებების აღმოფხვრის საგზაო რუკის გატარება და თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ასევე, შუა დერეფნის მარშრუტზე საკონტეინერო მატარებლების მოძრაობის დროის ერთობლივი მონიტორინგი დაინერგება. ეს გრაფიკის სტაბილურობას უზრუნველყოფს, წარმოქმნილ ლოგისტიკურ პრობლემებს სწრაფად მოაგვარებს და მარშრუტის ეფექტურობას გააუმჯობესებს.
ცნობისთვის: Middle Corridor Multimodal საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სარკინიგზო კომპანიების მიერ შექმნილი ერთობლივი საწარმოა, რომლის მიზანიც შუა დერეფნის გასწვრივ სატრანზიტო გადაზიდვების განვითარება და ეფექტურობის გაზრდაა. საწარმო მარშრუტის ერთიანი ოპერატორია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
BPN.ge