„ფერმერთა ასოციაცია არსებული ფორმით ყურძნის სუბსიდირების მომხრე არ არის და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ ეტაპობრივად გამოვიდეს ამ სუბსიდირებიდან“, – ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის სერტიფიცირების სპეციალისტმა ილია კუნჭულიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, მთავრობამ მევენახეობის სექტორის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. სუბსიდირების დაწყების მიზეზი მაშინ რუსული ემბარგოს უარყოფითი ზემოქმედების შერბილება იყო. მოგვიანებით კი სუბსიდირება დაზიანებული მოსავლის ჩაბარების მიზნობრიობით გაგრძელდა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მთავრობა ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს 2025 წლის რთველზეც შეისყიდის. ამ მიზნით, ჯამში, 50 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება.
„მოვუწოდებთ მთავრობას, ეტაპობრივად გამოვიდეს სუბსიდირებიდან“
როგორც ილია კუნჭულია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, აღნიშნული სუბსიდირება ღვინის ქარხნების დასახმარებლად უფროა, ვიდრე ფერმერების, რომლებიც დაახლოებით 1 ლარს იღებენ 1 კგ. ყურძენში.
„თავდაპირველად სუბსიდირების სისტემა შეიქმნა რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების ფონზე, მაგრამ შემდეგ გაგრძელდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარების კუთხით და ამ სუბსიდირებამ მიიღო მანკიერი ხასიათი. ყურძნის სუბსიდირებაზე რომ ვსაუბრობთ, რეალურად სუბსიდიას იღებენ ღვინის ქარხნები და არა ფერმერები. ფერმერი იღებს 1 ლარს – მინიმუმს, რასაც ეს პროგრამა აწესებს თეთრი ყურძნის შემთხვევაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანია საკითხია ის, რომ 50 მილიონი ლარის დახარჯვაა დაანონსებული ყურძნის სუბსიდირებისთვის, მაგრამ რამდენიმე ათეული მილიონი აგროკრედიტის სახით გაიცემა იმ ღვინის ქარხნებზე, რომლებსაც შეუძლიათ, რომ შეღავათიანი აგროკრედიტი აიღონ და გადასახადების გადამხდელთა ფულიდან დაიფაროს სესხის უდიდესი ნაწილი. სუბსიდირების ნაწილში რასაც აცხადებენ იმას, როგორც წესი, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი კიდევ ემატება ხოლმე. კრეფა არ დაწყებულა ჯერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ როგორც წინა წლებში ასცდა ყურძნის სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯები 100 მილიონ ლარს ისე იქნება წელსაც. ბოლო ათ წელში თითქმის მილიარდი ლარია ყურძენზე დახარჯული“, – აღნიშნავს ილია კუნჭულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერებს წელს ყურძნის ჩამბარებელ პუნქტებში ელექტრონული სასწორი დახვდებათ. კუნჭულიას თქმით, შესყიდვა გამოცხადებულია 20 სასწორზე, თუმცა, ჩამბარებელი პუნქტების რაოდენობა უფრო მეტია.
„წლევანდელ რთველზე ჩაბარებაზე განსხვავებული არის ის, რომ მოხდება ყურძნის აწონის გაციფრულება, მაგრამ სატენდერო დოკუმენტაციაში ვნახე, რომ 20 სასწორის შეძენაზეა საუბარი და ღვინის მიმღები პუნქტები უფრო მეტია. მეორე სიახლეა ის, რომ ხარისხის მიხედვით განისაზღვრება ყურძნის მიღება, მაგრამ აქაც დეტალები უცნობია. ყურძნის წვენის ნიმუშის ამღები 20 მოწყობილობა უნდა იქნეს შეძენილი, უცნობია, რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა, ასევე, აღებულ ნიმუშს სად წაიღებენ, როგორ და რამდენად სწრაფად ჩატარდება ლაბორატორიული ანალიზი და ა.შ. ეს დეტალები არ არის გახმოვანებული – მხოლოდ შაქარზე მოხდება შეფასება და სხვა პარამეტრებით არა?! ასეთი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ილია კუნჭულიამ.
BPN.GE
