ციფრულ ეპოქაში ელექტრონული მოწყობილობები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სმარტფონებითა და ლეპტოპებით დაწყებული, ტელევიზორებითა და მაცივრებით დამთავრებული, ჩვენი დამოკიდებულება ელექტრონიკაზე სულ უფრო იზრდება. თუმცა, ამ ტექნოლოგიურ აღმავლობას თან ახლავს ერთი გამოწვევა – ელექტრონული ნარჩენები.
გადაყრილი პროდუქტები ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ელექტრონული ნარჩენების არასათანადო დამუშავების დროს გამოყოფილი ტოქსიკური ლითონების ზემოქმედება, როგორებიცაა: ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი და დარიშხანი. ისინი სერიოზულ რისკებს უქმნის როგორც ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე გარემოს.
რაც მოიცავს ელექტრონული ნარჩენი
ელექტრონული ნარჩენები გულისხმობს გადაყრილ მოწყობილობებს ან მათ ნაწილებს. ეს შეიძლება იყოს: კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, პლანშეტები, ტელევიზორები და მონიტორები, ელემენტები და პრინტერები, მაცივრები, კონდიციონერები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
ეს ნივთები ხშირად პირდაპირ ნაგავსაყრელებზე ან არაფორმალურ გადამუშავების ეზოებში იყრება და ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოჰოფს, რაც აბინძურებს ჰაერს, ნიადაგსა და წყალს.
ტოქსიკური მეტალები ელექტრონულ ნარჩენებში
ბევრი ელექტრონული მოწყობილობა შეიცავს მცირეზომის, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობის მძიმე მეტალებს, რომლებიც გამოიყენება მათი გამტარობის, თერმული ან სტრუქტურული თვისებების გამო. აქ მოცემულია რამდენიმე ყველაზე საშიში მეტალი:
· ტყვია, რომელიც ძირითადად გვხვდება მონიტორებში, ელემენტებში ან შედუღების დაფებში. ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, ცუდია, განსაკუთრებით, ბავშვებში. შეიძლება გამოიწვიოს სწავლის უნარის დაქვეითება, განვითარების შეფერხება, თირკმლის დაზიანება და მაღალი არტერიული წნევა;
· ვერცხლისწყალი, რომელიც გვხვდება LCD ეკრანებში, ჩამრთველებში, ზოგიერთ ნათურაში…მას შეუძლია ტვინისა და თირკმელების დაზიანება, განსაკუთრებით მავნებელია მისი ზემოქმედება ორსულობის პერიოდში, რადგან მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე; შეიძლება დაგროვდეს საკვებში (განსაკუთრებით იჩენს თავს თევზებში);
· კადმიუმი (Cd) – მისი ძირითადი წყაროა დატენვადი ბატარეები, პიგმენტები, ნახევარგამტარები…ზემოქმედება კი საკმაოდ სახიფათო აქვს, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვებისა და თირკმელების დაზიანება, კიბო, ძვლების სიმყიფე და სხვა დაავადებები;
· დარიშხანი, რომელიც ძირითადად გვხვდება ნახევარგამტარ მოწყობილობებში, აზიანებს კანს, იწვევს კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და არის ნეიროტოქსიკური ნივთიერება.
ელექტრონული ნარჩენების გლობალური სტატისტიკა
2019 წელს მსოფლიოში 53.6 მილიონ ტონაზე მეტი ელექტრონული ნარჩენები წარმოიქმნა პროგნოზით, რომ ეს რიცხვი 2030 წლისთვის 74 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწევს. ფორმალურად გადამუშავდება ამგვარი ნარჩენების მხოლოდ 17.4%, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი დიდი უმრავლესობა ნაგავსაყრელებზე ან არაფორმალურ გადამუშავების სექტორებში ხვდება, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები ხშირად იგნორირებულია.
როგორ შეიძლება არასასურველი ნივთიერება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში
ადამიანები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სადაც ელექტრონული ნარჩენების არაფორმალური გადამუშავებაა გავრცელებული, ტოქსიკური ლითონების ზემოქმედების ქვეშ მრავალი გზით შეიძლება მოხვდნენ. ეს შეიძლება იყოს ცეცხლმოკიდებული მავთულხლართებისა და პლასტმასის ორთქლის შესუნთქვა, დაბინძურებულ ნიადაგთან ან წყალთან პირდაპირი კონტაქტი, მძიმე ლითონებით დაბინძურებული საკვების ან წყლის გადაყლაპვა, ელექტრონიკის დემონტაჟზე მომუშავე მუშაკების მუშაობა დამცავი აღჭურვილობის გარეშე, ელექტრონული ნარჩენების ადგილებთან ახლოს მცხოვრები ან მომუშავე ადამიანები…განსაკუთრებით დაუცველნი არიან ბავშვები, რომელთა ორგანიზმშიც ტოქსინები უფრო მარტივად შეიწოვება.
როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემა
გამკაცრებული რეგულაციები ელექტრონული ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით – მთავრობებმა უნდა აღასრულონ რეგულაციები, რომლებიც მწარმოებლებისგან მოითხოვს თავიანთი პროდუქციის ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ მართვაზე პასუხისმგებლობის აღებას. მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობის მოდელი ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა.
უსაფრთხო გადამუშავების პრაქტიკა
მნიშვნელოვანია ფორმალური გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით, ვენტილაციითა და ნარჩენების გადამუშავების ობიექტებით.
მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება
მომხმარებლებს შეუძლიათ, შეამცირონ ელექტრონული ნარჩენები, თუ მას პირდაპირ არ მოისვრიან ნაგავსაყრელზე, შეაკეთებენ და ხელახლა გამოიყენებენ ან სპეციალურ პუნქტებში ჩააბარებენ ელექტრონულ მოწყობილობას.
დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო პრაქტიკასაც და ქვეყნებს შორის ურთიერთობასაც. განვითარებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ასწავლონ განვითარებად ქვეყნებს, როგორ ებრძოლონ ელექტრონული ნარჩენების წარმოქმნას.
ელექტრონული ნარჩენები გლობალური გამოწვევაა, რომელიც სერიოზულ რისკებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც არაფორმალური გადამუშავება ყვავის. ამ პრობლემის მოგვარება მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს: უფრო ძლიერ პოლიტიკას, გადამუშავების უფრო უსაფრთხო პრაქტიკას, ინდუსტრიის პასუხისმგებლობასა და ინფორმირებული მომხმარებლის ქცევას. მოქმედების დრო ახლაა – სანამ ელექტრონული ნარჩენების მთა იმდენად არ გაიზრდება, რომ მისი მართვა შეუძლებელი გახდება.
წყარო: Wasteless marketer.ge
