თბილისის მერია ვიდეოკამერების შესაძენად 2 მილიონზე მეტს დახარჯავს
თბილისის მერიამ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების შესყიდვაზე (მონტაჟისთა და კონფიგურაციით) ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 048 258 ლარია (დღგ-ს ჩათვლით).
კამერები ინტეგრირებული იქნება მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ერთიან ქსელთან და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი ვიდეო-არქივიზაცია.
შესყიდვა გულისხმობს: თანამედროვე ვიდეოთვალთვალის ინფრასტრუქტურის მოწყობას — საკომუნიკაციო არხების, ჭებისა და კარადების მონტაჟს, მეტალის ბოძების დამონტაჟებას, ოპტიკური და დენის კაბელების გაჭიმვას, ანტივანდალური არხების მოწყობას და PTZ კამერებისთვის წყლის ავზების დამონტაჟებას ობიექტივის გასაწმენად.
ტექნიკური დავალება ითვალისწინებს უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურული და ანტივანდალური სტანდარტების დაცვას, ასევე Hikcentral და pStor ლიცენზიების მინიმუმ 3-წლიანი მხარდაჭერით მიწოდებას. ყველა სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
სატენდერო წინადადებების მიღება 3–8 სექტემბერს იქნება შესაძლებელი.
