სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაცია საქართველოს კიდევ უფრო სტაბილურს და სუვერენულს გახდის და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი, როგორც “ეკონომიკური ჰაბის” უსაფრთხოებას
„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაცია, თუკი ეს ქმედითი იქნება, კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს რეგიონს, რაც საქართველოს წინსვლაზე საუკეთესოდ აისახება” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტის თქმით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მშვიდობის დამყარება საქართველოს გარეშე შეუძლებელია, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ცხოვრობს ასი ათასობით აზრბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის მოქალაქე, რომელთა შორის მშვიდობიან ურთიერთობებს სწორედ საქართველო არეგულირებს და არა სხვა ქვეყანა.
„ნამდვილად ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებაა აზრბაიჯან-სომხეთს შორის. გვინდა, რომ ეს არ იყოს მხოლოდ დეკლარირებული, არამედ დამყარდეს ჩვენს სამეზობლოში საუკუნოვანი მშვიდობა. თუმცა, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მშვიდობის დამყარება საქართველოს გარეშე შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ასი ათასობით აზრბაიჯანელი და სომეხი ეთნოსის მოქალაქე, რომელთა შორის მშვიდობიან ურთიერთობებს სწორედ საქართველო არეგულირებს და არა სხვა ქვეყანა. ყველას კარგად ახსოვს, რომ ყარაბაღის ომის დროს საქართველო ახერხებდა ჩვენთან მცხოვრები ორი დაპირისპირებული ეთნოსის მშვიდობიან თანაცხოვრებას, რაც არ ხდებოდა თუნდაც ევროპულ სახელმწიფოებში, სადაც იქ მცხოვრებ აზერბაიჯანელ და სომეხ ეთნოსს შორის მცირე კონფლიქტები მრავლად აღინიშნებოდა. აქედან გამომდინარე, ამერიკასაც და ევროპასაც მოუწევთ ამის გათვალისწინება.
რაც შეეხება ზანგეზურის პროექტს, ესეც ჯერჯერობით მხოლოდ დეკლარაციაა და ამ პროექტის ამოქმედებამდე უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი ჯერ პოლიტიკური და შემდეგ ეკონომიკური შეთანხმებებით. ყველასათვის გასაგებია, რომ ტრამპმა ამით შეამცირა რუსეთ-ირანის გავლენა ჩვენს რეგიონზე, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ მცდელობაა და არა შედეგი, როგორც ოპოზიცია აღნიშნავს.
გარდა ამისა, იქნებ ამ დეკლარაციით ტრამპმა ევროპას კიდევ ერთხელ ჩაუკეტა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზა და მის ხელში აიღო ამ კუთხითაც ევროპის მართვა? სულ ცოტა ხნის წინ ზანგეზურის პროექტზე განცხადებებს ევროპელი მაღალჩინოსნები აკეთებდნენ. დღეს კი ეს პროექტი ამერიკის ხელში აღმოჩნდა. მართალია, ეს ჯერ მხოლოდ დეკლარურებულია, მაგრამ მაინც ხელმოწერილი.
აქედან გამომდინარე, ევროპას საიმედო პარტნიორად საქართველო რჩება “შუა დერეფნის” პროექტით. ჩინეთთან ახლოს მისასვლელი გზების ძიებაში მყოფ ევროპას, ჩვენთან ურთიერთობის დაძაბვა არ უნდა აწყობდეს.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დეკლარაცია საქართველოს კიდევ უფრო სტაბილურს და სუვერენულს გახდის და კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი, როგორც “ეკონომიკური ჰაბის” უსაფრთხოებას. რაც შეეხება ტვირთების რაოდენობას, შესაძლოა რაღაც მოგვაკლდეს და რაღაც მოგვემატოს, მაგრამ საქართველოს აქვს უალტერნატივო ანაკლიის პორტი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურ სიძლიერეს და სრულ სუვერენიტეტს მოუტანს.
ვულოცავთ მეზობელ სახელმწიფოებს სამშვიდობო დეკლარაციის გაფორმებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება შესრულდება. საქართველომ დამოუკიდებლად შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და ომის ცეცხლში არ გახვია რეგიონი. სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაცია, თუკი ეს ქმედითი იქნება, კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის ჩვენს რეგიონს, რაც საქართველოს წინსვლაზე საუკეთესოდ აისახება” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
