მედიასააგენტო Reuters-ი სამ ინდოელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ნიუ-დელიმ აშშ-ისგან იარაღისა და თვითმფრინავების შესყიდვის ახალი გეგმები შეაჩერა. ეს ინდოეთის მხირდან უკმაყოფილების გამოხატვის პირველი კონკრეტული ნიშანია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე კრიზისულ ეტაპამდე მიიყვანა.
Reuters-ის ორი წყაროს ინფორმაციით, ინდოეთი უახლოეს კვირებში ვაშინგტონში თავდაცვის მინისტრის, რაჯნატ სინგჰის გაგზავნას და ახალ შესყიდვებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას გეგმავდა, თუმცა ეს ვიზიტი გაუქმდა.
შეგახსენებთ, ტრამპმა 6 აგვისტოს ინდურ საქონელზე დამატებითი 25%-იანი ტარიფი დააწესა, როგორც სასჯელი ნიუ-დელის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ინდოეთის ქმედებები ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის უკრაინაში ომს აფინანსებს. ამ მიზეზით, მან ინდოეთის ექსპორტზე მთლიანი გადასახადი 50%-მდე გაზარდა.
დონალდ ტრამპი ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს საკმაოდ სწრაფად ცვლის და არ არის გამორიცხული, რომ ინდოეთთან მიმართებითაც ასე მოხდეს. თავის მხრივ, ინდოეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული. ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს უთხრა, რომ თავდაცვის სფეროში შესყიდვები შეიძლება მას შემდეგ განხორციელდეს, რაც ინდოეთი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებასთან დაკავშირებით გაერკვევა, მაგრამ „არა ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო“.
forbes.ge
