პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ ანა კელიმ განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი 8 აგვისტოს თეთრ სახლში მიიღებს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, სადაც ისინი დაასრულებენ მუშაობას სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, შეიმუშავოს უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტი სამხრეთ კავკასიაში.
მშვიდობის ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ვაშინგტონში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის დროს, დღეს 8 აგვისტოს უნდა გაფორმდეს, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის. აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.
არმენპრესის ინფორმაციით, ანა კელიმ განაცხადა, რომ „ეს უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ გადაადგილებას, ამავდროულად პატივს სცემს სომხეთისა და მისი ხალხის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”.
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მუშაობას სამომავლო თვეებში საგზაო რუკის პირობების სრული რეალიზაციისთვის.
„მშვიდობის ამ გზის გახსნით, ჩვენ ვხსნით ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების უზარმაზარ პოტენციალს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.“
„პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებში თითოეულ ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ახალ შესაძლებლობებს გახსნის, ამავე დროს კი სარგებელს მოუტანს ამერიკულ ბიზნესს,“ — განაცხადა კელიმ.
მომდევნო კვირას იგეგმება ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება იმის თაობაზე, თუ რომელი ამერიკული სტრუქტურები დაიწყებენ სატრანზიტო მარშრუტის მართვას.
„პრეზიდენტი ტრამპი დღეს ხელს მოაწერს განკარგულებას მოლაპარაკებათა ჯგუფის შექმნის შესახებ,“ — განაცხადა კელიმ.