44 წლის კაცმა მეზობელი მოკლა, ადგილზე მისული პოლიციელები კი დაჭრა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს () ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელსაც ერთი კაცის მკვლელობასა და ორი პოლიციელის დაჭრას ედავებიან. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მოხდა.
დაკავებული კაცი 44 წლისაა, მოკლული კი – 50-ის.
როგორც ბებნისის მცხოვრებლები TV პირველთან საუბრისას ამბობენ, მოკლული კაცი მკვლელობის წინა დღეს ჩამოვიდა საფრანგეთიდან სიდედრის გასვენებაში. ის საფრანგეთში სამკურნლოდ იყო წასული.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი – 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა.
ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდნარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.