თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციებისას აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულ 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე დასკვნითი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს და მოსამართლე სათათბიროდ განაჩენის გამოსატანად გავა.
გამორიცხული არ არის, განაჩენი დღესვე გამოცხადდეს.
სხდომას ესწრება ბრალდებულიც. მან სასამართლო პროცესზე დამსწრეებს ფურცელი აჩვენა მინაწერით: “ჩემი საკნიდან მზე სულ სხვანაირი ჩანს”.
ცნობისთვის, ხომერიკი სამართალდამცავებმა 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის ძმასთან ერთად დააკავეს. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის იყო გამზადებული.
დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




