მთავრობა “სამთავრობო ქალაქის” პროექტს დაუბრუნდა

მთავრობა “სამთავრობო ქალაქის” პროექტს დაუბრუნდა
მთავრობა ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტს დაუბრუნდა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა მ 4 აგვისტოს გამოსცა და მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარება დაავალა.
განკარგულების თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა მოამზადოს პროექტის ხარჯთაღრიცხვა და ის ფინანსთა სამინისტროს გააცნოს, რომელმაც შესაბამისი ხარჯები 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა გაითვალისწინოს.
“ქ. თბილისში სამთავრობო ქალაქის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა (მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება).
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2026 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2026 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები”, – ნათქვამია განკარგულებაში.
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების იდეა 2017 წლის მარტში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდა. სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი ისედაც ორთაჭალაში არის განთავსებული. მათ შორის არის: ფინანსთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები; მთავარი პროკურატურა; შემოსავლების სამსახური. ორთაჭალაში, ყოფილი ბიზნესის სახლის შენობაში უნდა გადავიდეს ეროვნული ბანკიც, რომელიც ამჟამად იუსტიციის სახლის შენობაში არის განთავსებული. ასევე იუსტიციის სახლის შენობაში არის ეკონომიკის სამინისტროც განთავსებული.