საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. ფედერაციის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს იწყება მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა საქართველოს ნაკრები ამ მოცემულობით ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ პრესტიჟულ ტურნირში შექმნილი სიტუაციის გამო.
„2025 წლის 10 სექტემბერს იწყება მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია აცხადებს, რომ ჩვენი ნაკრები ამ მოცემულობით ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ პრესტიჟულ ტურნირში შექმნილი სიტუაციის გამო. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია ითხოვს ფინანსური ვალდებულების შესრულებას, რომელიც 2020 წლის ბათუმის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლიდან მომდინარეობს. აღნიშნული ვალდებულება გამოწვეული იყო მაშინდელი სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების დარღვევა. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულია ან სრული ფინანსური ვალდებულების დაფარვა, ან წლიურად 30,000 ევროს საჯარიმო თანხის შენატანის განხორციელება. დღევანდელი სპორტის სამინისტრო თავს იკავებს ფინანსური ვალდებულების ან/და ერთჯერადი საჯარიმო თანხის გადახდის შესრულებისგან და აცხადებს, რომ საკითხი სასამართლოში უნდა იქნეს გადაწყვეტილი. საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა უკვე 5 წელია გრძელდება. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ პირველი მოსმენაც კი არ ჩატარებულა, რაც შეუძლებელს ხდის სიმართლის დადგენას და სპორტული დავის მოგვარებას. სასამართლო სისტემის უმოქმედობის გამო:
საქართველოს უძლიერესი მკლავჭიდელები რჩებიან კონკურენციის გარეშე;
ზიანდება ქვეყნის სპორტული პრესტიჟი ;
მწვრთნელებისა და სპორტსმენთა მრავალწლიანი შრომა უშედეგოდ რჩება;
ქართული სპორტის გულშემატკივრები მოკლებული არიან შესაძლებლობას ჩვენი მკლავჭიდელების და პარა-მკლავჭიდელების მხარდაჭერისგან.
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემას, დააჩქაროს საქმის განხილვა და უზრუნველყოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. ქართული სპორტი და ჩვენი სპორტსმენები იმსახურებენ უკეთეს მოპყრობას. ასევე, მივმართავთ სპორტის სამინისტროს, რომ მონახოს გზა, რათა მსოფლიოს ლიდერი გუნდი არ დარჩეს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის გარეშე“,-აღნიშნულია საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის განცხადებაში.
