მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატები საქმის მოსამართლის, ლელა კალიჩენკოს აცილებასა და ბრალდებულის საქმის სხვა სასამართლოსთვის გადაცემას ითხოვენ.
შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე თამარ გაბოძემ დააყენა.
როგორც ადვოკატი განმარტავდა, საქმე განსახილველად სხვა სასამართლოს უნდა გადაეცეს, ამასთან, აცილებული უნდა იყოს მოსამართლე ლელა კალიჩენკოც. თუმცა, გაბოძემ დააკონკრეტა, რომ ეს კონკრეტულად რომელიმე მოსამართლისკენ კი არ იყო მიმართული, არამედ მთლიანად სასამართლოს შემადგენლობისკენ.
ადვოკატის თქმით, ბრალდების ყველა მოწმე ამ სასამართლოს თანამშრომელია და სასამართლოს ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ჩნდებოდა ეჭვი.
„ისეთი საქმის განხილვა გევალებათ, რომელში მონაწილე ყველა პირი თქვენი თანამშრომელია“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.
აღნიშნულის შემდეგ პოზიცია დააფიქსირა თავად ბრალდებულმაც.
„ჩემზე თავდამსხმელების და მოძალადეების ნახვა მიწევს, რაც ჩემთვის სასიამოვნო არაა. მოძალადის დანახვა დაზარალებულისთვის სასიამოვნო არაა, ჩემთვის მძიმეა ყოველ ჯერზე მოძალადეების ხილვა“, – განაცხადა დათაშვილმა.
ამასთან, მან დასძინა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეტაპირება უჭირს და პენიტენციურ დაწესებულებასთან ახლოს არსებული სასამართლო უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.
სხდომაზე, ასევე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა. უფლებადამცველების თქმით, ის ნინო დათაშვილის დაკავებაში იღებდა მონაწილეობას და ვიდეოკადრებშიც ფიგურირებდა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მანდატურს მიმართა, რომ ბრალდებულს პრეტენზია ჰქონდა რომ ის დარბაზში იყო და ის უნდა გასულიყო.
„ჩემზე თუა, დავტოვებ დარბაზს, მაგრამ ეს არის ტყუილი“, – განაცხადა მატიაშვილმა, რასაც დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა.
„ეს დარბაზში მყოფების გადასაწყვეტი არაა“, -განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
