ყველა იმ მოსამართლეს, ვინც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ვეტყვი: სირცხვილი რომ არ აქვთ გასაგებია, მაგრამ სამართლიანობა როდესაც მართლა დაბრუნდება ამ ქვეყანაში, მოგიწევთ პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რომლებიც მთელს ქვეყანას გააჩნია,- ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა სასამართლოს განაჩენი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არცერთ პოლიტპატიმარს არ მოუწევს სასჯელის მოხდა.
„ყველა იმ მოსამართლეს, ვინც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებს, ვეტყვი: სირცხვილი რომ არ აქვთ, გასაგებია, მაგრამ სამართლიანობა როდესაც მართლა დაბრუნდება ამ ქვეყანაში, მოგიწევთ პასუხის გაცემა იმ შეკითხვებზე, რომლებიც მთელს ქვეყანას გააჩნია, არამხოლოდ მათ, იმ ცრუ მოწმეებს, ბრალდებას, ვინც უდანაშაულო ადამიანებს ციხეში უშვებს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. დარწმუნებული ვარ, არცერთ პოლიტპატიმარს არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რასაც უსჯის ეს უსამართლო სასამართლო“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.
