ეს {ანტიკორუფციული ბიუროს} მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას – ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ, პირიქით, ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, რათა დაგვარწმუნოს, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის შესწავლა დაიწყო.
როგორც ზურაბიშვილი წერს, სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება.
„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში ვკითხულობთ : “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს.”
ეს განცხადება გაკეთდა მამუკა ხაზარაძის მონიტორინგის დაწყებასთან მიმართებაში.
კი მაგრამ “თითოეულ მოქალაქეს” უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონების კორუფციული სქემების შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშვების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს – კერძოდ მათ მიერ “მიტანილი” თანხები ბიუჯეტის მაგივრად (სადაც ვერ აისახება) სად მიდის.
მაშინ დავიჯერებთ, ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას!
მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.
ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ, პირიქით, ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, რათა დაგვარწმუნოს, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის.
გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სისწორეს და უჩენს რწმენას, რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება რუსეთის პროკურატურის დახმარებით ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე… ვითომცდა სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა.
სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამით არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი “მერიის მოგების”. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს.
რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია.
მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რაიმე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს ამიერიდან) არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალას სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს. მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გასუფთავდეს, სადაც “ნაცმოძრაობის” და “ოცნების” გარდა სხვა ძალა გაქრება.
დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის”, – წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი დაიწყო. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან.
