„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პარტიის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.
„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესხმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. დღეს მოგვივიდა წერილი, სადაც გვატყობინებს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომ კოალიცია „ლელო –ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში არის დაყადაღებული. ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ბრძოლას და წინააღმდეგობას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, რომ პასუხი გავცდეთ ივანიშვილის ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, დააყადაღებენ თუ არა პარტიის და კოალიციის ანგარიშს, პროპაგანდას აწარმოებენ თუ არა ჩვენი კოალიციის ლიდერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ჩვენ ეს სასაცილოდაც არ გვყოფნის, იმიტომ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სიშლეგის გამოვლინება. მათ ეშინიათ საკუთარი სისუსტის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისინი დავამარცხოთ, მოვუგოთ ამ ბრძოლაში და გამოიგონეს ასეთი სასაცილო მექანიზმები“, – განაცხადა კუპრაძემ.
მანამდე შემოსავლების სამსახურმა და ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადეს, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერისთვის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით „შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევას“, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციას და პარტიის შემოწირულებებს სწავლობენ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ ასევე განაცხადა, რომ ხაზარაძის დეკლარაციას და პარტის შემოწირულებებს იკვლევს.
