ფინეთი აპირებს, აკრძალოს რუსეთიდან გათხევადებული აირის იმპორტი

ფინეთი გეგმავს, რომ 2025 წლიდან აკრძალოს დან გათხევადებული აირის იმპორტი. ამის შესახებ განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა კაი მიკიანენმა, იტყობინება გამოცემა Helsingin Sanomat-ი.
„არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა,“ თქვა მიკიანენმა.
მინისტრის თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირის წევრებმა და ევროპარლამენტმა შეათანხმეს დეკემბრის დამდეგს.
რეფორმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოების მოსაზრებებით აკრძალონ რუსეთისა და ბელარუსის მილსადენებით ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის იმპორტი. ამასთან, აკრძალვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული დროით, ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი დადგენილება გაზაფხულზე შევა ძალაში. ამის შემდეგ ფინეთის ხელისუფლება შეძლებს, საკუთარი წინადადება წამოაყენოს იმპორტის აკრძალვის შესახებ.
როგორც Helsingin Sanomat-ი წერს, შარშან რუსეთმა ევროპას მიაწოდა თითქმის 16 მილიონი ტონა გათხევადებული აირი. მაშინ, როცა მკვეთრად შემცირდა ევროპაში მილსადენებით გაზის მიწოდება, გათხევადებული გაზის ექსპორტი გაიზარდა. რუსეთის გათხევადებული გაზის უდიდესი შემსყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდი.
მიკიანენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი რუსული გათხევადებული გაზის მხოლოდ მცირე მოცულობის იმპორტს ახორციელებს და „ამ საკითხს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა“.