5 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. საუბარი ტრამპის თანაშემწის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის წინა დღეს შედგა.
„დღეს ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი – უკრაინისა და შეერთებული შტატების – პოზიციები“, დაწერა ზელენსკიმ თავის სოციალურ ქსელებში. „გავცვალეთ ვითარების შეფასებები: რუსებმა გაზარდეს დარტყმების სისასტიკე. პრეზიდენტი ტრამპი სრულად არის ინფორმირებული კიევსა და ჩვენს სხვა ქალაქებზე რუსეთის დარტყმების შესახებ“.
მან საუბარს პროდუქტიული უწოდა და მადლობა გადაუხადა ტრამპს „პატიოსანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ყველა ძალისხმევისთვის“.
ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი თანაშემწე სტივ უიტკოფი 6 ან 7 აგვისტოს ეწვევა მოსკოვს. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს. 8 აგვისტოს იწურება ტრამპის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომლითაც მოითხოვა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ დადება.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვსა და მის სავაჭრო პარტნიორებს მაღალ ტარიფებს დაუწესებს და მის წინააღმდეგ „სხვა ზომებს“ მიიღებს. კრემლმა განაცხადა, რომ „ამ ინფორმაციას გაეცნო“. 5 აგვისტოს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას არ გეგმავს.
ფორუმი
