საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის ცენტრის ხელმძღვანელმა კონსტანტინე თავზარაშვილმა თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დაუდასტურეს.
აღნიშნულის მიზეზი, სავარაუდოდ, 1-2 აგვისტოს, გორის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის (კომბინატის დასახლების ტერიტორიის გარდა) სასმელი წყლის მიწოდების შეწყვეტა გახდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი დადიანიძემ და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის არქიტექტურის განყოფილების თანამშრომელმა გიორგი გოდერძიშვილმა.
ინფორმაციისთვის, 1-ელ აგვისტოს, გორის მოსახლეობის დიდი ნაწილის სასმელი წყლით უზრუნველყოფის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც კერძო პირმა, მშენებლობისთვის ფუნდამენტის მომზადების სამუშაოების დაწყებისას, პროექტით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მის კუთვნილ ტერიტორიაზე, მიწისქვეშ გამავალი სასმელი წყლის მაგისტრალური მილის გადატანის სამუშაოები დაიწყო.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, სამუშაო პროცესის გახანგრძლივება და წყალმომარაგების აღდგენის გადავადება სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის გადატანისას გამოვლენილმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა განაპირობა.
„პრობლემის შემჭიდროებულ ვადებში მოგვარებისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პირველივე წუთებიდან ჩართული იყო პროცესში, რათა მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეწყვეტით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი.
შესაბამისი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ ეტაპზე წყალმომარაგება აღდგენილია და მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.
აქვე განვმარტავთ, რომ მრავალბინიანი კორპუსის სამშენებლო ნებართვა გაცემულია კანონის სრული დაცვით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
