„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს – სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე

ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ინფორმაციის სისტემატიზებულ შეგროვებას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, თვალყური ვადევნოთ ამ დარღვევებს და დავინახოთ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.
კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის – თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“ და ამასთან, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე.“
საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კორუფციულ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლა აუცილებლად გულისხმობს საჯაროდ გავრცელებული მაღალი დონის კორუფციის ყველა სავარაუდო შემთხვევაზე გამოძიების დაწყებას ან გამოძიების არ-დაწყების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების საჯაროდ ხელმისაწვდომობას. ამის საწინააღმდეგოდ, სუს-ი და პროკურატურა ამ ინფორმაციას არც პროაქტიულად აქვეყნებენ და არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში გასცემენ.
ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად ითვლება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული „პოლიტიკურად აქტიური პირი“. საერთაშორისო კარგი პრაქტიკისა და OECD/ACN-ის მონიტორინგის სახელმძღვანელოს შესაბამისად, ამ განმარტებას დაემატა ყველა დონის პროკურორი (მათ შორის საპროკურორო საბჭოს წევრები), სახელმწიფო რწმუნებულები და მათი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები. ამასთან, იმისთვის, რომ კორუფციული შემთხვევების გავრცელების მასშტაბი მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის თანამდებობის პირთა დონეზეც ავსახოთ, ამ სიის მიზნებისთვის „მაღალი რანგის თანამდებობის პირად“ ასევე ითვლებიან მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მათი მოადგილეები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ავრცელებს სიას, სადაც შესულია სავარაუდო კორუფციის ის შემთხვევები. ვრცლად იხილეთ აქ.