შემოსავლების სამსახური ირწმუნება, რომ ბათუმში შესულ გემზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები

შემოსავლების სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ს პორტში სანქცირებული ნავთობტანკერის შემოსვლის შესახებ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია სიცრუეა.
უწყება განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი – ,,CAPIBARA”, – „რომელზეც დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან ქართული კომპანიისთვის გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი – 15 000 ტონა დიზელის საწვავი“.
შემოსავლების სამსახური ამასთანავე წერს, რომ უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, დადგინდა, რომ საერთაშორისო სანქციები არც ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან საქონლის ფასი არ აღემატება სანქციებით დაწესებული ფასის ზედა ზღვარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა იმპორტის პროცედურაში“, – წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, 4 აგვისტოს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობტანკერის შემოსვლის შესახებ:
„ივანიშვილი არ ჩერდება! ამ წუთებში ბათუმის პორტში დგას ნავთობტანკერი – „Capibara“, რომელიც დატვირთულია 15 000 ტონა „Газпром нефть“-ის სანქცირებული დიზელით. მომწოდებელი შუამავალი ოფშორული კომპანია „BONEX“-ია. ამ სქემით და ერთი გემით, მინიმუმ 5 მილიონ ლარს მოიგებს ივანიშვილი… ტვირთის უშუალო მიმღებ-დამლაგებელი არის ანრი ოხანაშვილი – „სუს-ის“ დე ფაქტო ხელმძღვანელი, რომელმაც გადაიბარა წინა „მმართველის” აწყობილი კრიმინალურ-კორუფციული სქემა“, – დაწერა ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში.
ფორუმი