საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის მოხსნა ახალ რეალობას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმის მოხსნის შესახებ ნატო-ს ქვეყნების ანტირუსული პოლიტიკის შედეგია. ეს არის ახალი რეალობა, რომლის გათვალისწინებაც ჩვენს ყველა ოპონენტს მოუწევს. შემდგომ ნაბიჯებს დაელოდეთ“, – დაწერა მედვედევმა X-ზე.
ცნობისთვის, 4 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „რუსეთი თავს ვალდებულად აღარ მიიჩნევს, რომ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე დაწესებული თვითშეზღუდვები დაიცვას“.
„სიტუაცია ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკული წარმოების საშუალო რადიუსის რაკეტების ფაქტობრივი განლაგებისკენ ვითარდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი იარაღის განლაგებაზე ცალმხრივი მორატორიუმის შენარჩუნების პირობები გაქრა. საპასუხო ზომების კონკრეტულ პარამეტრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამერიკული და სხვა დასავლური საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების მასშტაბების, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის ზოგადი განვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
