ენმ: ცანავამ განაცხადა, რომ სუს-მა ხაბეიშვილზე კომპრომატების შეგროვება შესთავაზა

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, თაღლითობის ბრალდებით დაკავებულმა მათი პოლიტსაბჭოს წერვმა, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას სუს-ში, თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ, ს ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება შესთავაზეს.
„ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა.
კერძოდ, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია.
ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევასა და გამოძიებას. თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი“, – აცხადებს ენმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თაღლითობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს სთხოვდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ლაშა ცანავას პროვოკაცია მოუწყვეს, რადგან მისი მეგობარია.