საქართველო მიწვეული არ არის არაფორმალურ შეხვედრაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხს განიხილავენ.
შეხვედრა ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში 1-2 სექტემბერს გაიმართება. არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპული საქმეთა მინისტრები, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთისა და თურქეთის წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების სხვადასხვა ასპექტი. შეხვედრის სახელწოდებაა „კოპენჰაგენიდან კოპენჰაგენამდე, კოპენჰაგენამდე“, რომელიც 1993 და 2002 წლებში დანიის ევროკავშირის თავმჯდომარეობას და კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და 2004 წლის გაფართოებაზე მიღწეულ შეთანხმებებს ეხება.
„პირველი სამუშაო სესია ევროკავშირის გაფართოებისას კოპენჰაგენის კრიტერიუმების მნიშვნელობას დაეთმობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორები და თურქეთი.
მეორე სამუშაო სესიის დროს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ევროკავშირის კანონის უზენაესობის ინსტრუმენტების გაძლიერებას განიხილავენ.
შეხვედრა დასრულდება სამუშაო სადილით, რომელიც ევროკავშირის გაფართოებისთვის მზადებას, მათ შორის შიდა რეფორმების გზით, შეეხება“, – ნათქვამი არაფორმალურ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში.
როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მიზეზი, რის გამოც საქართველო შეხვედრაზე მიწვეული არაა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს. .
„2024 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა. ევროკავშირმა ეს გაითვალისწინა. დანიის მხრიდან [ევროკავშირის საბჭოს] თავმჯდომარეობა პოლონეთის თავმჯდომარეობის დროს შექმნილ პრეცედენტს მიჰყვება და, ზოგადი წესის მიხედვით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს“, – აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში
