“ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერისა და მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს.
დაპატიმრებული პოლიტიკოსი განმარტავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება კანონის ყველა წესის დაცვითაა გაფორმებული და რეგისტრირებული.
მისი თქმით, გასულ კვირას მათ მიერვე იქნა აღმოჩენილი ბიუჯეტში გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც, როგორც ხაზარაძე ამბობს, “წყაროსთან დაბეგვრ – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია.”
“ბოლო 3 დღეა ბიძინა ივანიშვილის მონა თუთიყუშებმა, ე.წ. დეპუტატებმა, ვოლსკიმ, შარმანაშვილმა, შაქარაშვილმა და მათმა პროპაგანდისტულმა მედიამ, აღვირახსნილი კამპანია დაიწყეს ჩემი ოჯახის მიმართ.
სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება პასუხი გავცე ამ უსინდისო პროპაგანდას.
საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ – არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა.
აქვე, მინდა გავახსენო ამ ცრუპენტელებს, რომ ჩემი და ჩემ მიერ შექმნილი კომპანიები ყოველწლიურად ასეულ მილიონ ლარს იხდიან ბიუჯეტში!
ბევრჯერ მოგმართეთ თქვენც და ბიძინასაც, რომ გამოაქვეყნოს საკუთარი შენატანები ბიუჯეტში და ამავდროულად ჩემიც.
ასევე, არ დაგავიწყდეთ მოიკითხოთ ის 400 მილიონი ლარი, რომელიც სულ ახლახანს, იანვარში, ამოუღო ქართველ ხალხს და ბიუჯეტს ჯიბიდან იმ “ოფშორების” კანონით, რომელიც სპეციალურად მისთვის დაწერეთ.
თუმცა, რუსი, კორუმპირებული „ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატებისგან გასაკვირი არაფერია”, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
***
დღეს, შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ პიტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის ქირაობის საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ, იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
