„სენტ-ეტიენი“ ზურიკო დავითაშვილს არ უშვებს, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში არ სურს და ევროპის რომელიმე ტოპ ლიგაში გადასვლაზე ფიქრობს – ამის შესახებ წერილს Footmercato-ს რედაქტორი სებასტიან დენი აქვეყნებს.
„ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ საუკეთესო მოთამაშეების გაშვებას არ აპირებს. კლუბის ეს პოზიცია, ჩვენი ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის გაღიზიანებას იწვევს. „სენტ-ეტიენს“ ახალი ციკლის დაწყება მოუწევს, რათა ფრანგული ფეხბურთის ელიტას რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. ამისათვის „მწვანეებმა“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს – მათი მიზანია, საუკეთესო მოთამაშეები შეინარჩუნონ.
24 წლის დავითაშვილი გუნდში 2024 წლის ზაფხულში გადავიდა და ერთ-ერთი იმთაგანია, რომლის ტრანსფერსაც არ განიხილავენ. უნდა ითქვას, რომ ქართველი ფეხბურთელი ბურთის ფლობის, მცირე სივრცეების ათვისებისა და თამაშში განსხვავების შექმნის უნარით „სენტ-ეტიენისა“ და ლიგა 1-ის გულშემატკივრებს აღაფრთოვანებდა. 9 გოლით და 7 საგოლე გადაცემით ზურიკო გასულ სეზონში გამორჩეული იყო. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აქვს.
ქართველი შემტევი ნახევარმცველის შეძენით „რენი“, „სტრასბური“, „სევილია“, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ და „ევერტონი“ არიან დაინტერესებულნი. პრობლემა? შეთავაზებული ფასის მიუხედავად, „სენტ-ეტიენი“ ქართველი ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს.
ახალი ამბიციური გამოწვევის იმედად მყოფი დავითაშვილი კლუბის დამოკიდებულებით იმედგაცრუებულია. ხვიჩა კვარაცხელიას მეგობარმა, რომელსაც იგივე აგენტი ჰყავს და შეუძლია, კონტრაქტში არსებული მუხლებით ზეწოლა მოახდინოს კლუბზე ტრანსფერის დასაჩქარებლად, წინასასეზონო შეხვედრებში მოედანზე გასვლა არ ისურვა.
ქართველ შემტევს მხოლოდ ტოპ ლიგის კლუბში გადასვლა სურს, რომელიც ევროტურნირზე ითამაშებს. ერთი რამ ცხადია: თუ „სენტ-ეტიენი“ გადაწყვეტილების მიღებას გააჭიანურებს, კლუბსა და ქართველ მოთამაშეს შორის (რომელმაც „სენტ-ეტიენის“ დატოვება გადაწყვიტა) ურთიერთობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაიძაბება“.
