[ვიდეოში] ჩანს, რომ აქციის მონაწილეთა მიერ დაზიანებები ხდება, მაგრამ ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ გასროლილი ფოიერვერკი რას ხვდება, არ ჩანს, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის მთავარმა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა განაცხადა.
მას კითხვებით მიმართა ჯავახიშვილის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ დაუდგენიათ გამოძიებით ფოიერვერკის გასროლა რამდენ მეტრზე მოხდა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ ამას ვერ დაადგენდა.
„ვიდეოსაშუალებით ამას ვერ დაადგენ, ფოიერვერკი ამოღებული არაა და ექსპერტიზაზეც ვერ იქნა გადაგზავნილი“, – განაცხადა ხუნაშვილმა.
გამომძიებელს ავსაჯანიშვილმა ის ფოტო აჩვენა, სადაც სავარაუდოდ, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ფოიერვერკს ისვრის.
„კატეგორიულად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს გასროლა ჰაერში არ არის”? – ჰკითხა ადვოკატმა ხუნაშვილს, რაზეც მან ასე უპასუხა:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ის წინ მდგომს დააზიანებდა. ის ისე ისვრის, რომ პოლიციელს მოხვდეს“, – განაცხადა გამომძიებელმა, რომელსაც ადვოკატი ისევ ჩაეკითხა.
„პოლიციელი ამ სიმაღლეზე იყო? [თქვენ ამბობთ, რომ ჰაერში გასროლილი ფოიერვერკი რკალს აკეთებს და ვარდება? ამოიღეთ ეს ფოიერვერკი?”- ჰკითხა ავსაჯანიშვილმა, რაზეც გამომძიებელმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




