გამომძიებელი – ვიდეოს, რომელშიც ზვიად ცეცხლაძე საუბრობს, ხმა ჰქონდა, შეიძლება მერე დისკზე წაიშალა – მასში ცეცხლაძე საუბრობს, რომ საჭიროა ბარიკადები აიგოს, კოცონი ენთოს, მავთულხლართები გაიბას, საუბარია პოლიციისთვის ლურსმნების დაყრაზე, კვერცხების სროლაზე

ჯგუფური ძალადობის მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული პირების საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის განცხადებით, ვიდეოს, რომელიც საქმეში ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენს, თავდაპირველად ხმა ჰქონდა, ხოლო რატომ დევს ახლა საქმეში აღნიშნული ვიდეო ხმის გარეშე, მისთვის უცნობია.
აღნიშნულის შესახებ გამომძიებელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ვიდეოს ხმა, როცა გამომძიებელმა ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოიძია, ხუნაშვილმა დაადასტურა, რომ მან ზვიად ცეცხლაძის დიალოგის შინაარსი სწორედ იქიდან გამომდინარე გაიგო, რომ ვიდეოში საუბრის მოსმენა შესაძლებელი იყო. რაც შეეხება კითხვას, მაშინ, რატომ დევს ახლა საქმეში ვიდეო ხმის გარეშე, გამომძიებლის თქმით, ეს არ იცის და შესაძლოა, მიზეზი იყოს „ტექნიკური შემთხვევა“.
„მე როგორც დავათვალიერე, ჩვეულებრივად ისმოდა. ვიდეოს ხმა რომ არ ჰქონოდა, შინაარს ვერ გადმოვცემდი. შეიძლება დისკზე წაიშალა ხმა. ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო“, – აღნიშნა გამომძიებელმა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა ვიდეო აღწერა და იმ საუბრის შინაარსზე ისაუბრა, რომლის ავტორიც, მისი თქმით, ზვიად ცეცხლაძე იყო.
„საწყის ეტაპზე ვიდეოში ორი ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე, პოლიციელებს გიენებად მოიხსენიებენ. ზვიად ცეცხლაძე საუბრობს, რომ რუსთაველის გამზირი მოუხერხებელია, რადგან პოლიციას ეფექტურ წინააღმდეგობას ვერ უწევენ, ხალხს მიმართავს. 4-წუთიდან ამბობს, არაა აუცილებელი რევოლუცია მოხდეს პარლამენტთან, იხსენიებს უკრაინის ამბავს და ამბობს, რომ რევოლუცია თავისუფლების მოედანზე მოხდა.
ასევე, ამბობს, საჭიროა ბარიკადების აგება, აუცილებელია კოცონი ენთოს, რადგან ბოლი აირწინაღის როლს თამაშობს, ასევე კარგია გათბობისთვის, აუცილებელია მავთულხლართის გაბმა, რადგან მისი გადალახვა პოლიციას გაუჭირდებაო.
საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, თუ ძირს დაასხამდნენ, პოლიციის ეკიპირება ადვილად გაცურებადია და პრობლემები შეექმნებოდათ, ლურსმნების დაყრაზე, კვერცხების სროლაზე საუბრობს. ასევე საუბრობს, რომ კამერების განეიტრალებაა საჭირო, რათა არ დაფიქსირდნენ. შესაძლოა, გამოიყენონ ქაფი და საღებავი.
კარგი იქნება თუ დააბეტონებენ ქვებს, ეს გამოიყენეს ჩინეთში და პოლიციის მანქანებს შესაძლებლობა არ ექნებათ, გზებზე გადაადგილდნენ და მათ დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევთ.
9 წუთსა და 30 წამზე საუბრობს, პოლიციელებზე თავდასხმისთვის რა არის საჭირო, კონკრეტულად ამბობს პიროტექნიკაზე, რომ ის ცალ-ცალკე უნდა შეიძინონ, რათა ჯგუფურობა არ დადგინდეს და ამის გამო არ დაგვაკავონო.
ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება ორგანიზებული უნდა იყოს, საუბრობს, რომ პროტესტი ყველა ქალაქში უნდა იყოს, რათა თბილისში პოლიციის მობილიზება ვერ შედგეს“, – აცხადებს არსენ ხუნაშვილი.
გამომძიებელს კითხვებით მიმართეს ადვოკატებმა, მათ შორის ჰკითხეს, ხომ არ ჩაუტარებიათ ვიდეოს გავლენაზე კვლევა, მაგალითად, რამდენმა ადამიანმა მოიწონა ის და რამდენმა დაგმო.
„არ გვიკვლევია, ვიდეო ვინ მოიწონა და ვინ „დააჰაჰავა”, – აღნიშნა გამომძიებელმა.